2018 წლის მე-2 კვარტალში თვითდასაქმებულების რაოდენობა შემცირდა

2018 წლის II კვარტალში თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 48,7 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა კვარტალთან შედარებით.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებული იყო 49,4 პროცენტი და თვითდასაქმებული 50,6 პროცენტი. მეორე კვარტალში კი დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა მთლიან დასაქმებულებში შეადგენდა 51,3 პროცენტს, თვითდასაქმებულები კი 48,7 პროცენტს.

ამასთან, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2018 წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე სოფლის ტიპის დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2018 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 3.3 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით როგორც ქალებში, ისე კაცებში შემცირდა, შესაბამისად 1.9 და 1.8 პროცენტული პუნქტით.

აქტიურობის დონე შედარებით მაღალია კაცებში. 2018 წლის II კვარტალში ქალებში აქტიურობის დონე 55.7 პროცენტს, ხოლო კაცებში - 73.7 პროცენტს შეადგენდა. წინა კვარტალთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში გაზრდილია 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში შემცირებულია 0.4 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის II კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ქალებში დასაქმების დონე 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო კაცებში გაიზარდა 1.0 პროცენტული პუნქტით.