ჯეკსონ ჰოულის სამიტი და აშშ-ჩინეთის მოლაპარაკებები - კვირის მთავარი ეკონომიკური მოვლენები

მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირაში ჯეკსონ ჰოულის ცენტრალური ბანკების სამიტი იმართება, მთავარ მოვლენად მაინც შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის დაძაბულ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული ამბები რჩება.

ფინანსურ და საფონდო ბაზრებს, ყველაზე მეტად სწორედ მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის ურთიერთობის დაძაბვა აშფოთებს, რაც მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს.

ჰოდა, ამ დაძაბულობის მოსახსნელად, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, ჩინური დელეგაცია, რომელსაც სათავეში ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ვან შოუვენი უდგას, ვაშინგტონში შეხვედრებს გამართავს. ამ შეხვედრებზე ამერიკული მხარის ხელმძღვანელი, ხაზინის მდივნის მოადგილე დევიდ მეიპლზი იქნება.

მართალია, მოლაპარაკებაში შედარებით დაბალი რანგის მოხელეები არიან ჩართულნი, მაგრამ ეს ინვესტორებს და ბაზრებს იმის იმედს აძლევს, რომ მხარეები ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის გეგმას მაინც დასახავენ. მოლაპარაკებათა წარმატებულობის შემთხვევაში, შესაძლოა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის ნოემბერში შეხვედრის საფუძველი მომზადდეს.

მოლაპარაკებათა წარუმატებლობის შემთხვევაში, ტრამპის ადმინისტრაციას მზად აქვს 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იმ ჩინური პროდუქციის სია, რომლებზეც ტარიფები გაიზრდება.

ძნელი სათქმელია, სავაჭრო ომი საბოლოოდ რომელ მხარეს უფრო აზარალებს, თუმცა ამ ეტაპზე ჩანს, რომ ჩინეთი უფრო ზარალობს. შანჰაის კომპოზიტი (შანჰაის სააქციო ბაზრის ინდექსი) წელს 20 პროცენტით დაეცა, ჩინური იუანი კი დოლართან წყვილში სულ უფრო უფასურდება. თუმცა, სუსტი იუანი იმპორტზე მომუშავე ჩინურ კომპანიებს, იმ დანაკარგების ნაწილობრივ კომპენსირების საშუალებას აძლევს, რაც მათ ტარიფების ზრდის გამო აქვთ.

ჯეკსონ ჰოულის სამიტზე სიტყვით გამოვა აშშ-ის ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი, რომლის მოხსენების სათაურიცაა: „მონეტარული პოლიტიკა ცვალებადი ეკონომიკის პირობებში“. როგორც ყოველთვის, ინვესტორები და ანალიტიკოსები მის მოხსენებაში, ფედრეზერვის გეგმებთან დაკავშირებულ მინიშნებებს ელიან.

ფედრეზერვის ხელმძღვანელებს მსგავსი მინიშნებები, ჯეკსონ ჰოულის წინა სამიტების დროს აქვთ გაკეთებული და სავარაუდოდ, გამონკლისი არც ამჯერად იქნება.

პარალელურად, ფედრეზერვი თავისი ბოლო შეხვედრის (1-ლი აგვისტო) ჩანაწერებს გამოაქვეყნებს. ამ სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში მინიშნებული იყო, რომ ფედრეზერვი წელს დოლარზე საპროცენტო განაკვეთს კიდევ ორჯერ გაზრდის. ასე რომ, ბაზარი ამას ფედრეზერვის სექტემბრის და დეკემბრის სხდომებზე ელის.