აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ევროკავშირის ქვეყნები და ჩინეთი საკუთარი ქვეყნების ეროვნული ვალუტების კურსით მანიპულირებენ.
ეს განცხადება სააგენტო Reuters-თან ინტერვიუს დროს გააკეთა.
„დარწმუნებული ვარ ჩინეთი საკუთარი ვალუტით მანიპულირებს და ვფიქრობ, ასევე მანიპულირებენ ევროკავშირშიც“, - განაცხადა მან.
თეთრი სახლის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი პოზიცია ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებებისას, მაგრამ მას სჭირდება ფედერალური სარეზერვო სისტემის მხარდაჭერა. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ფედრეზერვის პოლიტიკა, რომელიც დაკავშირებულია საბაზისო საპროცენტო განაკვეთის აწევასთან, რომელსაც სწორედ ეს უწყება ახორციელებს.
დონალდ ტრამპის ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე საქმიანობის დაწყებიდან ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ უკვე ხუთჯერ გაზარდა საპროცენტო განაკვეთი. სულ ბოლოს კი ივნისის შუა რიცხვებში ის 1,75%-დან 2 %-მდე აწია. როგორც მოსალოდნელია, საპროცენტო განაკვეთის აწევა წლის ბოლომდე კიდევ ორჯერ მოხდება, ხოლო მომავალ წელს - სამჯერ.
კოკა კვირკველია