როგორი სეილები იციან საქართველოში

"ევროპის ქვეყნებში ფასდაკლებისას შეიძლება ძვირად ღირებული ნივთი ძალიან იაფად შეიძინო”

ქალაქში მაღაზიის ვიტრინები თვალში საცემი წარწერებით არის აჭრელებული, - ზოგი საქონელზე გრანდიოზულ ფასდაკლებას აცხადებს, ზოგიც ლიკვიდაციის შესახებ იუწყება. ლიკვიდაცია სიტყვასიტყვით ვინმეს ან რამის მოსპობას ნიშნავს, სამეწარმეო საქმიანობაში კი საქმის შეწყვეტის, გაუქმების, დახურვის მანიშნებელია. ლოგიკურია, რომ მაღაზიის ვიტრინებზე გამოკრული ამ წარწერის წაკითხვის შემდეგ, მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ჩათვალა, რომ თბილისში მაღაზიები იხურება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ერთგვარი მარკეტინგული ხრიკია მომხმარებლის მისაზიდად და სავაჭრო ობიექტის მესვეურებმა არ დააკონკრეტეს, რომ საზაფხულო კოლექციის შემორჩენილი პროდუქციის ლიკვიდაცია ცხადდება.

იმას, რასაც ჩვენთან "ლიკვიდაციას" ეძახიან, უცხოეთში გრანდიოზული სეილები ჰქვია, სადაც მომხმარებელს დიდი ფასდაკლებით შეუძლია შეიძინოს ხარისხიანი პროდუქცია. იქ, სადაც რიტეილი უფრო განვითარებულია, მეტად მრავალფეროვან და მომხმარებლისთვის ხელსაყრელ პირობებს შეხვდებით: ყველაფერი 1 დოლარად ან 50 ცენტად, ორი ერთის ფასად და ა.შ. სეილები ევროპაში ერთ-ერთი "ცხელი" მოვლენაა და მომხმარებელი ლამის მთელი წლის განმავლობაში ელოდება ფასდაკლების გამოცხადებას ამა თუ იმ საქონელზე. საქართველოსგან განსხვავებით ევროპაში გრანდიოზული ფასდაკლებები მხოლოდ რამდენიმე დღით ცხადდება. ამ დროს ევროპის დიდი ქალაქები მთლიანად იცვლება: მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული, მილიონობით ტურისტი ჩადის საგანგებოდ ამ მოვლენისთვის და ბუტიკებთან ხალხმრავალი რიგები დგას.

ქართველი რიტეილერების მონდომების მიუხედავად, ჩვენთან სეილებზე მაღაზიები მაინც ნახევრად ცარიელია. მაღაზიის მეპატრონეები ამის მიზეზად მოსახლეობის სიდუხჭირეს ასახელებენ. მომხმარებელი კი ჩივის, რომ ჩვენთან ფსევდოსეილები ცხადდება და პროდუქცია მაინც ძვირი ღირს. არადა, მაღაზიები ძალ-ღონესა და ფანტაზიას არ იშურებენ და კლიენტის მოსაზიდად ვიტრინებზე მეტად უცნაურ წარწერებსაც კი ტოვებენ: "პატრონი გაგიჟდა", "100%-იანი ფასდაკლება" და ა.შ.

ირაკლი ლექვინაძე, "ჯორჯიან ბიზნესკონსალტინგის" ექსპერტი:

"სეილები ერთ-ერთი აქტუალური მარკეტინგული ხერხია, რითაც ამ ბიზნესში გაყიდვების სტიმულირება ხდება. იყო პერიოდი, როცა საქართველოში სამოსის მაღაზიები 1000%-იან მოგების მარჟაზეც (სხვაობა ფასსა და თვითღირებულებას შორის) კი მუშაობდნენ, ამიტომ 70%-იანი სეილიც რომ გამოეცხადებინათ, ბუნებრივია, 300%-იანი მოგება მაინც დარჩებოდათ. დარწმუნებული ვარ, ახლა მოგების მარჟა შემცირებულია, თუნდაც გაზრდილი კონკურენციის გამო.

კომპანია, რომელიც პროდუქციაზე 70-80%-იან სეილს აცხადებს, ორ შემთხვევაში შეიძლება დარჩეს მოგებული: თუ პროდუქციაზე იმდენად მაღალი ფასნამატი აქვს, რომ 80%-ის გამოკლების მიუხედავად, მაინც რჩება მოგება ან კონკრეტული კოლექცია თითქმის სრულად გაყიდა და ყოველი დამატებითი გაყიდვა, რა ფასადაც უნდა გაყიდოს, მაინც მოგებაში ეთვლება. ძირითადად, ასეთი ფასდაკლებები უცხოეთში ცხადდება, ამიტომაც ღირს იქ სეილზე პროდუქცია იაფი, ჩვენთან კი მეტწილად პირველი სქემა მუშაობს.

რაც შეეხება "ლიკვიდაციას", რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს მაღაზიის დაკეტვას, დახურვას. წესით, მითითებული უნდა იყოს, რომ იგულისხმება კოლექციის ლიკვიდაცია. თუმცა, მაღალი ფასნამატისა არ იყოს, არც ამ თვალსაზრისით არსებობს აკრძალვა მეწარმეებისთვის, - ამას ლიკვიდაციას დაარქმევენ თუ სხვა მყვირალა დასათაურებას მოუძებნიან სეილს, მათი გადასაწყვეტია. მთავარია, რამე ისეთი დაარქვან, რაც მომხმარებელს თვალში მოხვდება და მასზე, როგორც მყიდველზე იმოქმედებს.

ევროპასა და ამერიკაში მართლაც მასშტაბური სეილები ცხადდება. ხალხი მთელი ღამე დგას მაღაზიებთან რიგში, რომ დილით მოასწროს შესვლა და იაფად საქონლის შეძენა. ჩვენთან ჯერ არ არის ისეთი მაღალი კონკურენცია, ფართო არჩევანი და შესაბამისად, სეილიც შესაბამისია. თუ უფრო გამძაფრდება კონკურენცია ამ ბაზარზე, მომავალში რიტეილერები სხვა კრეატიულ მეთოდებსა და მეტ ფასდაკლებას შემოგვთავაზებენ".

ნოდარ ჭიჭინაძე, ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარე:

"ევროპის ქვეყნებში ფასდაკლებისას შეიძლება ძვირად ღირებული ნივთი ძალიან იაფად შეიძინო, მათ შორის ბრენდული სამოსი, ფეხსაცმელი და აქსესუარები. ამით ფასდაკლების არსი მართლდება. ჩვენთან ფასდაკლება ზოგჯერ ცხადდება საქონელზე, რომელიც კონკრეტული პარტიიდან შემორჩებათ ხოლმე, თუმცა ფასდაკლებით  შეიძლება კარგი ნივთიც შეიძინოთ. 

არის შემთხვევები, როცა ფასდაკლებას გაზრდილი ფასიდან ანგარიშობენ. მაგალითად, საქონელს ახალ ეტიკეტს აკრავენ, სადაც უფრო მაღალი ფასია მითითებული, როგორც საწყისი ფასი და პროცენტს იმ ფასს აკლებენ. საბოლოოდ კი რეალური ფასდაკლება უფრო ნაკლებია, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ფაქტობრივად, ფასდაკლების ილუზიას ქმნიან, ამიტომაც მყიდველის მოლოდინი არ მართლდება და ის უკმაყოფილო რჩება".

შიშველი "სეილი"

საფრანგეთში მეტად ორიგინალური ფასდაკლებები იმართება. მაგალითად, წელს საშობაო სეილზე ლიონის ერთ-ერთმა მაღაზიამ ასეთი ფასდაკლება გამოაცხადა: "მოდით საცვლებში და წადით ჩაცმულები". მაღაზიის მფლობელები არ ელოდნენ, თუ ეს რეკლამა ასე გაამართლებდა - რიგი მაღაზიის წინ წინა საღამოს დაიწყო, ხალხმა ღამე გაათენა. დილის რვა საათზე ყველამ ერთად გაიხადა ტანსაცმელი და ნახევრად შიშველი ადამიანების ნაკადი მაღაზიაში შევარდა. ზოგიერთს გაუმართლა და დაახლოებით 2.000 ევროს ღირებულების ტანსაცმელი თითქმის უფასოდ გამოიტანეს. იცვამდნენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდათ, ზომებსაც კი არ აკვირდებოდნენ.

ემა ტუხიაშვილი

წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”