ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინა.როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან, სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, თბილისსა და ბათუმში გამოავლინეს.
გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი "HEETS" ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 1 618 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 16 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.