გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი დაიწყო.პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებულ პირთა აღრიცხვაა დაგეგმილი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.
ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის მენეჯერი დავით კიკნაძე შიდა ქართლის რეგიონში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფერმერებს შეხვდა და ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი გააცნო.
როგორც პროექტის მენეჯერმა აღნიშნა, ფერმათა და ფერმერთა აღრიცხვა შექმნის მნიშვნელოვან საინფორმაციო ბაზას; გააჩენს შესაძლებლობას, მიზნობრივი, ფერმერთა საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროექტის/პროგრამის შექმნისა და ეფექტიანი განხორციელებისთვის სამიზნე ჯგუფები სწორად იქნას შერჩეული.
„პროექტი 8 აგვისტოს დაიწყო და დღემდე ბაზაში 9 500-ზე მეტი ფერმერია დარეგისტრირებული. პროექტის ბიუჯეტი 1 300 000 ლარს შეადგენს და მისი პირველი ეტაპის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტი თანხვედრაშია ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის” (ENPARD II-ის) შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულების შესრულებასთან. აღნიშნული ვალდებულება ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით, არაუგვიანეს 2018 წლისა, ფერმათა/ფერმერთა რეესტრში 100 000-მდე ფერმის/ფერმერის რეგისტრაციას.
ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის განხორციელების მიზნით, სააგენტოსთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება იმ სახელმწიფო სააგენტოებმა და ორგანიზაციებმა უზრუნველყვეს, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა სახის ბაზები.
მოძიებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტო ახორციელებს ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებელი პირების იდენტიფიცირებასა და კლასიფიკაციას. მიღებული ინფორმაციის გადამოწმება, დაზუსტება და შემოდგომ დადასტურება განხორციელდება სააგენტოს მიერ, სატელეფონო გამოკითხვის გზით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებლად დაკავშირება ხდება მხოლოდ ისეთ პირებთან, რომელთაც რეგისტრირებულ საკუთრებაში/სარგებლობაში გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომელთა ჯამური ფართობი შეადგენს არანაკლებ 0,25 ჰა-ს და ამავდროულად, არიან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო პროექტის/პროგრამის ბენეფიციარები ან სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო მომსახურებით.