2018 წლის ივლისის მონაცემებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17,2 მილიონი ლარით, დაახლოებით 24%-ით შემცირდა.კერძოდ, წელს ივლისში ბანკების წმინდა მოგებამ 54,055 მილიონი ლარი შეადგინა. 2017 წლის ივნისში კი აღნიშნული მაჩვენებელი 71,277 მილიონი ლარი იყო.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, ივლისში ივნისთან შედარებით კომერციული ბანკების მოგება 47,933 მლნ ლარიდან 54,055 მლნ ლარამდე გაიზარდა. მთლიანად, 2018 წლის 7 თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 464,455 მილიონი ლარი შეადგინა. 2017 წლის იანვარ-ივლისში კი ბანკებმა 519,203 მილიონი ლარის მოგება მიიღეს.
ამასთან, მიმდინარე წლის ივლისში, ბანკების შემოსავლებმა 338,827 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 271,742 მილიონი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2018 წლის ივლისში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7,983 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 16,292 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, მიმდინარე წლის ივლისში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 31,983 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის ივლისში ბანკებმა 12,163 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 869,798 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი 679,101 მილიონი იყო.