2018 წელს ეკონომიკური დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში ეკონომიკური დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 19,6% შეადგინა.

სტატისტიკის მიხედვით, სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ, საანგარიშო პერიოდში 213 დანაშაული იქნა დარეგიტრირებული, აქედან გახსნილი კი 99-ია. წინა წელთან შედარებით, მსგავსი ტიპის დანაშაულების რაოდენობა 4.3%-ით გაიზარდა. შარშან 203 ფაქტი დაფიქსირდა.  

ფულადსაკრედიტო სისტემაში 406 დანაშაულია რეგისტრირებული, რაც 74-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შარშან იანვარ-ივლისში ფულადსაკრედიტო სისტემაში დანაშაულის 332 ფაქტი დაფიქსირდა.   

საფინანსო საქმიანობის სფეროში 131 დანაშაული დარეგისტრირდა, აქედან გახსნილი კი 54-ია. მსგავსი ტიპის დანაშაულის რეგისტრაციის მაჩვენებელი 42%-ით გაიზარდა. 2017 წლის იანვარ-ივლისში საფინანსო საქმიანობაში დანაშაულის 92 ფაქტი დაფიქსირდა.

რაც შეეხება მთლიან მონაცემებს, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა 2018 წლის იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 55.81%-ით არის გაზრდილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, 2018 წლის იანვარ-ივლისში რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობამ 33 054 შეადგინა, ხოლო გასული წლის ამავე პერიოდში 21 214 დანაშაულია რეგისტრირებული.