გიორგი კვირიკაშვილი : საქართველო ევროკავშირისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირისგან დახმარების სახით სერიოზულ ფინანსურ პაკეტს მიიღებს.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა.

"ევრობანკი აპირებს სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტის შექმნას იმისთვის, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად, ქართული კომპანიების მიერ გაწეული სამუშაოები სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტით დაფინანსდეს. რათა ქართულმა კომპანიებმა ადვილად შეძლონ ევროპის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით იმ სტანდარტების მიღწევა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს განახორციელონ ევროპის ბაზარზე ექსპორტი. ასევე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ხელი ეწერება შეთანხმებას წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისთვის 8 მილიონი ევროს ფარგლებში. გარდა ამისა, მაკროეკონომიკური სტიმულირებისთვის გათვალისწინებულია 46 მილიონი ევრო და სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული სტანდარტების მიღწევისთვის სპეციალური დახმარება 51 მილიონი ევროს ოდენობით. ასე რომ, პაკეტი საკმაოდ სერიოზულია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკის მოდერნიზაცია რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს და ქართული საწარმოები ევროპის ბაზარზე გათვალისწინებულ სტანდარტებს მიუახლოვდეს.