განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დავალიანება 715 433 ლარს შეადგენს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დავალიანება სახელმწიფოს წინაშე 715 433 ლარს შეადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე  ცნობით, ფინანსურმა პრობლემებმა, რომელთა წინაშეც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დგას, შესაძლოა, სასწავლო პროცესები სერიოზული რისკების წინაშე დააყენოს.

ცენტრის ინფორმაციით, უნივერსიტეტს სახელმწიფოს წინაშე აქვს შეუსრულებელი ფინანსური დავალიანება, რაც 715 433 ლარს შეადგენს (ასევე, დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონება) და რომელიც კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისაგან თავის არიდების გამო დაუწესდა.

„იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოს სტუდენტთა ინტერესები, მათთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით რისკების თავიდან ასაცილებლად, უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება 1 წლის ვადით შეეზღუდა. უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. შეზღუდვა ეხებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც წელს აირჩიეს შავი ზღვის უნივერსიტეტი. მათთვის გამოცხადდება რიგგარეშე მობილობა გამარტივებული წესით. ისინი აირჩევენ სხვა ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. შესაბამისად, შეძლებენ ახალი სასწავლო წლის შეუფერხებლად დაწყებას“, - ნათქვამია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.