რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა ისევ აკრძალულია

მეწყერის ჩამოწოლის გამო, რიკოთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალულია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ჩაკეტილი გზის გაწმენდის სამუშაოები დილიდან განახლდა, თუმცა სამუშაოებს ცუდი ამინდი აფერხებს. გარდა ამისა, მთიდან მიწის ჩამოშლა კიდევ გრძელდება.

გუშინ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე (რიკოთის გვირაბის დასავლეთი მხარე) დიდი მოცულობის მიწისა და კლდის ჩამოშლის გამო, მთლიანად ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გარდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა, შესაძლებელია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით.