მცირე გამოცოცხლების შემდეგ, ციფრული ვალუტების ბაზარმა ისევ კლება განაახლა.
ამჯერად ამის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ციფრული ვალუტების სავაჭრო პლატფორმა „კოინბეიზის“ სავაჭრო მოცულობა წელს 83 პროცენტით არის შემცირებული.
ეს ინფორმაცია საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ეთერიუმის ფასი 9.3 პროცენტით შემცირებულიყო, რის შემდეგაც მეორე ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასი 275.1 დოლარამდე შემცირდა. შედარებით მცირე კლება აქვს დანარჩენ ტოპ ვალუტებს - „ბიტფაინექსის“ სავაჭრო პლატფორმაზე, ბიტკოინი 2.8 პროცენტით გაუფასურდა და 6 317.8 დოლარამდე შემცირდა, რიპლის XRP 7.5 პროცენტით, 0.32155 დოლარამდე გაუფასურდა, ლაიტკოინი კი 7.5 პროცენტით, 53.935 დოლარამდე დაეცა.
„კოინბეიზი“ შეერთებულ შტატებში ყველაზე პოპულარული პლატფორმაა. იანვარში მისი ვაჭრობის ყოველდღიური მოცულობა 21 მილიარდ დოლარს აღწევდა, ამჟამად კი 3.9 მილიარდ დოლარამდე არის შემცირებული.
საბროკერო კომპანია „ბერნშტაინის“ ანალიტიკურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ „კოინბეიზი“ იმყოფება „მიუწვდომელ კონკურენტულ პოზიციაში“. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ტრადიციული ფინანსური ფირმები არ ჩქარობენ ციფრული ვალუტების ბიზნესში ჩართვას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ბაზარზე ჩამოყალიბებული რეგულაციები არ არსებობს და დიდია შანსი იმისა, რომ ციფრულ ვალუტებს ფულის გათეთრებისთვის იყენებენ.
გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთის ბანკმა ხელშეკრულება გააფორმა „ჩაინა იუნიონ პეისთან“, რომლის მიზანიც, ბლოკჩეინის ბაზაზე, საგადამხდელო სისტემის ერთობლივად შემუშავებაა. პერსპექტივაში, ამის გაგრძელება შესაძლოა, ჩინური ციფრული ვალუტის შექმნა გახდეს.