Eagles-ი ყველაზე გაყიდვადი ალბომის ტიტულის მფლობელი გახდა

აშშ-ში ამერიკული ჯგუფის The Eagles-ის საუკეთესო ჰიტების კრებული ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ალბომის ტიტულის მფლობელი გახდა.ბოლო მონაცემებით, მან ლეგენდარული მაიკლ ჯექსონის ასევე ლეგენდარულ ალბომს Thriller -ს აჯობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აშშ-ის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციამ RIAA-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ირკვევა, რომ The Eagles-ის ალბომი — "Their Greatest Hits 1971-1975“ — არის სერტიფიცირებული 38x პლატინის სტატუსით, რაც ნიშნავს, რომ მისმა გაყიდვებმა და სტრიმმა ჯამში 38 მილიონს მიაღწია.

ეს ალბომი 1976 წელს არის გამოსული და მან ბოლო მონაცემებით აჯობა მაიკლ ჯექსონის ალბომს Thriller, რომელსაც 33x პლატინის სტატუსი აქვს და მეორე ადგილზეა. RIAA-მ ასევე გამოაცხადა, რომ ჯგუფის მეორე ალბომს Hotel California, რომელიც 1977 წელს გამოვიდა, ამჟამად 26x პლატინის სტატუსი აქვს და ამ ჩამონათვალში მესამე ადგილზე იმყოფება.

ბოლოს ორგანიზაციამ Eagles-ის ჰიტების კრებულის სერტიფიცირება 2006 წელს მოახდინა, მაშინ ის 29-ჯერ პლატინის სტატუსის მფლობელი იყო, ხოლო Thriller-ის სერტიფიცირება გასულ წელს მოხდა.

ცნობისათვის, RIAA პლატინის სტატუსს ანიჭებს ალბომს გაყიდულ თითო მილიონ ეგზემპლარზე, მაგრამ 2013 წლიდან ეს წესი შეიცვალა და ის უკვე ალბომების ტრადიციულ გაყიდვასთან ერთად სერვერებიდან როგორებიცაა YouTube, Spotify და სხვები სტრიმსაც ითვლის. ამჟამად ალბომის 1500 სტრიმი ითვლება ერთი ალბომის გაყიდვად, ხოლო ალბომიდან ცალ-ცალკე 10 სიმღერის გადმოწერაც ერთი ალბომის გაყიდვის ტოლფასია.

ჯგუფი The Eagles, ლოს-ანჯელესში 1970 წელს ჩამოყალიბდა. ის 1980 წელს დაიშალა და მხოლოდ 14 წლის შემდეგ აღსდგა ორიგინალი შემადგენლობის მხოლოდ ორი წევრით. მათგან ერთი 2016 წელს გარდაიცვალა, თუმცა ჯგუფი დღემდე ფუნქციონირებს.

კოკა კვირკველია