თითქმის არ არის დარგი, სადაც ანაზღაურების კლება არ დაფიქსირებულაროგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, დასაქმებულებთან ერთად, საწარმოებში მომუშავეთა საშუალო ხელფასიც შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის პირველ კვარტალში, 2013 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, კერძო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა 13,3%-ით დაიკლო. მონაცემებს არადამაჯერებელს უწოდებენ ექსპერტები და თვლიან, რომ ამ ციფრების გასამყარებლად კარგი იქნებოდა, რომ აღნიშნულ უწყებას დეტალური განმარტება გაეკეთებინა.
”გამორიცხული არი არის, რომ კერძო სექტორში საშუალო ხელფასი ნამდვილად შემცირდა, მაგრამ იმისათვის, რომ ეს მონაცემები უფრო დამაჯერებელი იყოს, ”საქსტატმა” მნიშვნელოვანი ინდიკატორების გამოქვეყნებისას უფრო დეტალური განმარტებები უნდა გააკეთოს,” - განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძემ.
დასაქმებულების საშუალო ხელფასის ფორმირებაზე, როგორც წესი, გავლენას ტოპ-მენეჯერების, ხელმძღვანელების ხელფასიც ახდენს. დასაქმებულთა უმეტესობისთვის კი 779-ლარიანი ხელფასიც კი სანატრელია. დაუბეგრავი მინიმუმის რეჟიმში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობამ აჩვენა, რომ საქარველოში დაქირავებით დასაქმებულთა ნახევარზე მეტს 500 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს. ფაქტობრივად, ეს ადამიანები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობენ.
საშუალო ხელფასი შემდეგნაირად ითვლება: სახელფასო ფონდი დასაქმებულთა რაოდენობაზე იყოფა და ამ უხეში გათვლებით დგება საშუალო ხელფასი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის პირველ კვარტალში, 2013 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, საწარმოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 13,3%-ით შემცირდა. თუ შარშან მეოთხე კვარტალში საშუალო ხელფასი იყო 898,7 ლარი, 2014 წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასის მოცულობამ 779,1 ლარი შეადგინა.
”საქსტატის” ინფორმაციით, ანაზღაურება ყველა სექტორში შემცირდა. კერძოდ, თუ 2013 წლის ბოლო კვარტალში სოფლის მეურნეობაში, ნადირობა და სატყეო მეურნეობაში დასაქმებულების ხელფასი 564,6 ლარს შეადგენდა, 2014 წლის პირველ კვარტალში 491,6 ლარს, ანუ ამ სექტორში დასაქმებულების ხელფასი დაახლოებით 12,9%-ით შემცირდა.
ერთ კვარტალში 13%-ით შეუმცირდათ საშუალო თვიური ხელფასი მრეწველობაში დასაქმებულებს. თუ შარშან წლის ბოლოს ამ სექტორში მომუშავეები თვეში, საშუალოდ, 881,4 ლარს იღებდნენ, 2014-ის პირველ კვარტალში მათი ანაზღაურება 767,5 ლარამდე შემცირდა.
”საქსტატის” ინფორმაციით, 15,5%-ით შემცირდა მშენებლობაში დასაქმებულთა ხელფასი. შარშან ამ სექტორში მომუშავეთა საშუალო ანაზღაურება თვეში 1177 ლარს შეადგენდა, წელს კი - 995,2 ლარია.
საშუალო ხელფასის კლებაა ვაჭრობაშიც. 2013 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, ვაჭრობაში მომუშავეების საშუალო ხელფასი 820,9 ლარი იყო, 2014 წლის პირველ კვარტალში კი 705 ლარს ვერ გასცდა, ანუ ამ სექტორში საშუალო ხელფასი 14,1%-ით შემცირდა.
8,9%-ით დაიკლო ხელფასმა სასტუმროებსა და რესტორნებში მომსახურე პერსონალისთვისაც. შარშან ისინი თვეში, საშუალოდ, 533,5 ლარს იღებდნენ, წელს კი 486 ლარს სჯერდებიან.
”საქსტატის” მონაცემებით, 10%-ით შემცირდა ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში დასაქმებულთა ხელფასიც. თუ შარშან ამ სექტორში დასაქმებულები თვეში, საშუალოდ, 1205 ლარს იღებდნენ, წელს 1085 ლარამდე ჩამოვიდნენ.
შრომის ანაზღაურება შეუმცირდათ უძრავი ქონების მომსახურების სექტორში მომუშავეებსაც. თუ შარშან მეოთხე კვარტალში ამ სექტორში თვეში საშუალო 1056 ლარს გამოიმუშავებდნენ, 2014 წლის პირველ კვარტალში 915,9 ლარი აიღეს, ანუ შემცირება 13,3%-ია.
12,7%-ით დაიკლო ჯანდაცვასა და სოცმომსახურების სექტორში დასაქმებულების ხელფასმა. 2013 წლის მეოთხე კვარტალში ამ სფეროში დასაქმებულები თვეში, საშუალოდ, 726,6 ლარს გამოიმუშავებდნენ, 2014-ის პირველ კვარტალში კი - 633,7 ლარს.
საშუალო ხელფასი ყველაზე მეტად, 23%-ით მეთევზეებს შეუმცირდათ. 2013 წლის ბოლოს მეთევზეების საშუალო ხელფასი 682,9 ლარს შეადგენდა, 2014 წლის პირველ კვარტალში კი 526,3 ლარი გახდა. შემდეგია განათლების სექტორი. ”საქსტატის” მონაცემებით ამ სფეროში მომუშავეთა ხელფასი 21,3%-ით შემცირდა -561-დან 441 ლარამდე.
კერძო სექტორში დასაქმებულებიდან ხელფასი ყველაზე ნაკლებად კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების სექტორში დასაქმებულებს შეუმცირდათ. ამ სექტორში ერთი კვარტლის განმავლობაში საშუალო ანაზღაურებამ 2,2%-ით დაიკლო -905-დან 885,7 ლარამდე.
კერძო ხელფასების შემცირებასთან დაკავშირებულ ”საქსტატის” მონაცემებს არადამაჯერებელს უწოდებს ექსპერტი სოსო არჩვაძე და მიიჩნევს, რომ ამ ციფრების გასამყარებლად კარგი იქნებოდა, აღნიშნულ უწყებას დეტალური განმარტება გაეკეთებინა.
”ხელფასების შემცირებას სხვა არაპირდაპირი ინდიკატორები არ ადასტურებენ, შესაბამისად, ნამდვილად შემცირდა თუ არა საშუალო ანაზღაურება, ცოტა ეჭვს იწვევს. არაა გამორიცხული, რომ ხელფასი ნამდვილად შემცირდა, მაგრამ იმისათვის, რომ ეს ციფრი უფრო დამაჯერებელი იყოს, აუცილებელია ”საქსტატმა” მნიშვნელოვანი ინდიკატორების გამოქვეყნებისას უფრო დეტალური განმარტებები გააკეთოს. ეს იმიტომაა საჭირო, რომ შემდგომ კითხვები არ გაჩნდეს.
ეკონომიკური ზრდა გვაქვს. როგორც წესი ამ ზრდას უზრუნველყოფს კერძო სექტორი. თუ ხელფასები ამ სექტორში დაბლა მიდის, მაშინ გამოდის, რომ საქმე ტრეფიკინგთან გვაქვს. შეიძლება სამუშაო ადგილების შემცირება მოხდა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა საშუალო ხელფასის შემცირება”, - განაცხადა არჩვაძემ.
2014 წლის პირველ კვარტალში 2013 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით საწარმოებში ხელფასებთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც შემცირდა. ერთ კვარტალში სამუშაო 23,3 ათასმა ადამიანმა დაკარგა.
ელზა წიკლაური
წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”