არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საკუთარი ბიზნესი ქალაქის იერსახის ხარჯზე, ეს კატეგორიულად მიუღებელია და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სხვა ადამიანებისთვის, ვინც იგვლივ ცხოვრობს, ვინც ფეხით გადაადგილდება. ასე რომ, ყველას ინტერესი უნდა იქნეს გათვალისწინებული და დაცული, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გარევაჭრობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გარევაჭრობის საკითხები უნდა მოწესრიგდეს და მისთვის სასიხარულო იქნება, თუ გარევაჭრობით დაკავებული პირები არ დაჯარიმდებიან.
„გასულ კვირას ზედამხედველობის სამსახურის მუშაობის შედეგად ელიავას მიმდებარე ქუჩები მოწესრიგდა და სამშენებლო მასალებისგან და საბურავებისგან განთავისუფლდა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა როგორც იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ასევე გადაადგილებისა და ვიზუალური თვალსაზრისით. ეს ყველაფერი მოწესრიგდა, ეს აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და სხვა რაიონებში ბაზრებისა და ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე ანალოგიურად უნდა იქნას მოწესრიგებული გარევაჭრობის საკითხები. რა თქმა უნდა, ჩვენ ბიზნესს არ ვერჩით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოვიდეს წესრიგსა და კანონდებლობის ფარგლებში. შესაბამისად, ამ ერთი კვირის განმავლობაში როგორც კი დავალება იქნა მიცემული, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ზედამხედველობის სამსახურმა მოაწესრიგა 30-მდე ქუჩა და აღიკვეთა ისეთი დარღვევები, როგორიც ფიქსირდებოდა ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიებზე. გავაგრძელოთ მუშაობა, რომ მაქსიმალურად, რაც კანონით გათვალისწინებულია, მოწესრიგებული იყოს და ძალიან გამიხარდება თუ ჩვენ ადამიანების დაჯარიმება არ მოგვიწევს. ასევე მინდა, მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმიანობით არის დაკავებული, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საკუთარი ბიზნესი ქალაქის იერსახის ხარჯზე, ეს კატეგორიულად მიუღებელია და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, სხვა ადამიანებისთვის, ვინც ირგვლივ ცხოვრობს, ვინც ფეხით გადაადგილდება. ასე, რომ ყველას ინტერესი უნდა იქნეს გათვალისწინებული და დაცული. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ტიპის კანონიერ ეკონომიკურ საქმიანობას, თუმცა კანონის ფარგლებში და სხვისი უფლებებისა და სიკეთეების შელახვის გარეშე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.