საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი გადადგა.იოსებ გოგაშვილი სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილედ 2015 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2014-2015 წლებში ის შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მანამდე კი ამ სამსახურის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.
როგორც 2018 წლის 22 მაისს შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფროსის მოადგილის თანამდებობაზე 2017 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სულ 142044.5 ლარი აქვს აღებული.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, იოსებ გოგაშვილი ფლობს თბილისში ვარაზის ქუჩაზე 160.73 კვ.მ საცხოვრებელ სახლს, რაშიც 2016 წელს 75 000 დოლარი გადაიხადა. ასევე საცხოვრებელ სახლთან 2016 წელს შეიძინა 261 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა, დედოფლისწყაროს სოფელ მაჩხაანში ფლობს 12502 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთს.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 17 800 ლარი ჰქონდა.
იოსებ გოგაშვილს ჰყავს მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი და ერთი შვილი. მისი მეუღლე ფლობს 250 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში ლისის საკრებულოში, რომელიც 2017 წელს 20000 დოლარად შეიძინა. მასვე ეკუთვნის 2016 წელს გამოშვებული „ტოიოტას პრადო“, რაშიც 37 400 დოლარი გადაიხადა. დეკლარაციის შევსების მომენტში კი საბანკო ანგარიშზე 2 000 ლარი ჰქონდა.
თეა მარტყოფლიშვილი შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ მუშაობს, სადაც ხელფასად გასულ წელს 83250,1 ლარი აიღო.
ლიკა ამირაშვილი