აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი - ეკონომიკური სანქციების გარდა, ირანზე ზეწოლის მოსახდენად სხვა ზომებსაც გამოვიყენებთ

აშშ განაგრძობს ირანზე ზეწოლის განხორციელებას და ეს მოხდება არა მხოლოდ ეკონომიკური სანქციების მეშვეობით, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა ისრაელის დედაქალაქში, იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისივე თქმით, ვაშინგტონის მიზანი თეირანში არა რეჟიმის შეცვლა, არამედ ირანის ხელისუფლების ქცევის შეცვლაა.

„ყველასათვის ნათელი რომ იყოს ვიტყვი: ირანში რეჟიმის შეცვლა ამერიკის პოლიტიკის მიზანი არ არის. ჩვენ რეჟიმის ქცევის არსებითი ცვლილება გვსურს“, - განაცხადა ჯონ ბოლტონმა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ „აშშ გაჩერებას არ აპირებს და დამატებითი სანქციების დაწესება განიხილება“.

„ჩვენ არ ვაპირებთ აღნიშნულზე გაჩერებას. განვიხილავთ დამატებითი სანქციების დაწესებას, რათა მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ ირანზე. ეკონომიკური სანქციების გარდა სხვა ზომებიც იქნება გამოყენებული ზეწოლის მოსახდენად“, - დასძინა ჯონ ბოლტონმა.