სურო და სხვა მცოცავი მცენარეები შენობების ფასადებზე - იდეა თბილისის მერს

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ვებგვერდზე 188 მიმდინარე, 191 დაბლოკილი, 466 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 11 იდეა განხილვის პროცესშია, ორი - შეთანხმებულია, 1 კი - უარყოფილია.

„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთ იდეას გთავაზობთ, რომელიც შენობებზე მცოცავი მცენარეების გამოყენებას გულისხმობს. კერძოდ, საუბარია ფაქტობრივად ქალაქის ვერტიკალურად გამწვანებაზე.

„ვერტიკალური მწვანე კედლები და სახურავები არაჩვეულებრივი გამოსავალია ქალაქისათვის, მაგრამ ვერტიკალური გამწვანება საკმაოდ დიდ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს, მისი იაფი თითქმის უფასო ჩანაცვლებაა სუროს და სხვა მცოცავი მხვიარა მცენარეების აქტიური გამოყენება გამწვანებაში. 

მცდარად გავრცელებული აზრია, რომ ესეთი მცენარეები ასუსტებს კედელს. თუმცა გამოცდილებამ აჩვენა, რომ პირიქით, ასეთი მცენარეები არათუ ასუსტებს, პირიქით იცავს კედელს. მსგავსი ტიპის მცენარეები იცავენ კედელს გაყინვა გადახურებისგან და გვევლინებიან ბუნებრივი თბოიზოლატორებად. კედლიდან ნესტს იწოვენ, მაგრამ საბოლოო ჯამში დაკვირვებამ აჩვენა, რომ ის კედლები, რომლებიც დაფარული იყო სუროთი, უფრო გამძლე აღმოჩნდა, ვიდრე ის კედლები, რომლებსაც სურო პირდაპირი მზის სხივისგან არ იცავდა.

სუროს და მხვიარა, მცოცავი მცენარეების გამწვანებაში მერიის გამწვანების სამსახურის მხრიდან აქტიურად გამოყენება საშუალებას მისცემს ქალაქს შეიქმნას სიმწვანე იქაც კი, სადაც სკვერების და პარკების ნაკლებობაა, მოვლა ასეთი მცენარეების ძალიან იოლია, დანახარჯი მინიმლური, მაღალი დეკორატიული თვისებებით გამოირჩევა და ჰაერს ასუფთავებს. დარგვა შეიძლება ნებისმიერ ბეტონის ღობესთან ან სახლის კედელთან, უამრავი ფასადმოუპირკეთებელი შენობის ფასადი ბევრად კარგი შესახედი გახდება თუ სუროთი დაიფარება, თუ ახალ მშენებლობებს წაახალისებთ, რომ კედლები მხვიარა მცენარეებით დაფარონ, სახლიც იხეირებს ამით. სურო ხომ ძალიან კარგი და ბუნებრივი თბოიზოლატორია. გარდა ამისა, ყველაზე მთავარი ბენეფიტი არის ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლა. სურო არაჩვეულებრივი მცენარეა ჰაერის გასაწმენდად“, - წერს იდეის ავტორი.

აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემის ვადა 19 ოქტონბრამდეა შესაძლებელი.