ბაროზუ : ევროკავშირი 51 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამას ამზადებს

ევროკავშირი 51-მილიონიან პროექტს ამზადებს, რომელიც საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს DCFTA-ს სტანდარტებზე გადასვლაში დაეხმარება.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე საქართველო-ევროკავშირის საერთაშორისო ინვესტორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"როგორც კი ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ბიზნესმა კარგად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.  52 მილიონი ევრო არის გამოყოფილი 2007-დან 2013 წლამდე საქართველოსთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას. საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ვეძებთ საუკეთესო გზებს იმისთვის, რომ მაქსიმალური სარგებლობა მივიღოთ ამ ხელშეკრულებისგან. ევროკავშირი 51 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამას ამზადებს იმისთვის, რომ DCFTA-ს იმპლემენტაციის შესრულებაში მიიღოს მონაწილეობა და მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოებს, რათა ისინი მოერგონ ამ მარეგულირებელ გარემოს", - განაცხადა ბაროზუმ.