ნავთობის ფასი ბოლო ორი კვირის მაქსიმალურ ნიშნულამდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ამერიკაში მარაგები შემცირდა.
გარდა ამისა, დასუსტებული დოლარი და სანქციებით ბაზრიდან ირანის გარიყვა, ასევე ფასების ზრდას უწყობს ხელს.
ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API) მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის შესაბამისად, გასულ კვირაში ქვეყნის ნედლი ნავთობის მარაგი 5.2 მილიონი ბარელით შემცირდა. ეს კი ანალიტიკოსთა პროგნოზზე დაახლოებით სამჯერ მეტია.
მთავრობის შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები ამ საღამოს გამოქვეყნდება. ანალკიტიკოსები ელიან, რომ მთავრობის სტატისტიკა API-ს მონაცემებს დაადასტურებს.
ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 1.52 დოლარით, 74.15 დოლარამდე გაიზარდა. ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ბარელის ფასი კი 1.38 დოლარით, 67.22 დოლარამდე არის გაზრდილი.
დოლარის დასუსტება, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ, ქვეყნის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის გაკრიტიკებამ გამოიწვია. ტრამპი უკმაყოფილოა იმით, რომ ფედრეზერვი დოლარზე საპროცენტო განაკვეთს ზრდის, რაც დოლარის გამყარებას იწყვევს. შესაბამისად, ეს ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს მოგებას უმცირებს. დოლარის დასუსტება, ნავთობის მყიდველს ნედლეულს უძვირებს, რადგან ნავთობზე გარიგებების უმეტესობის ანგარიშგება დოლარით ხორციელდება.
რაც შეხება ირანის სანქციების ფაქტორს, OPEC-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორის ბაზრიდან სანქციების ძალით გაყვანას, ბაზარზე მიწოდების შემცირება შეუძლია, რაც ფასს გაზრდის. OPEC ირწმუნება, რომ ირანის დანაკლისს ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნები აანაზღაურებენ. თუმცა ბაზარი ჯერჯერობით უარყოფით რეაქციას ავლენს.
ევროპელმა მომხმარებლებმა უკვე დაიწყეს ირანისგან ნავთობის შესყიდვის შემცირება. იმავდროულად, ჩინელი მყიდველები საკუთარ ტვირთებს ირანულ გემებში ტვირთავენ, რათა მიწოდების სტაბილურობა უზრუნველყონ. მაგრამ ძნელი სათქმელია, რას მოიმოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა სანქციების შესასრულებლად, ორმუზის სრუტის გაკონტროლებას დაიწყებს.