უნიკალური ქართული ჯიშები მეცნიერების გარეშეა დარჩენილი

”ჩვენებურ ჯიშებზე დაყრდნობით 300-ზე მეტი ვაზის ჯიშია მიღებული ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში”

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა, ვაჟა გოცირიძემ, მთელი ცხოვრება ქართული ვაზის ჯიშების შესწავლას მიუძღვნა. თავის დროზე, 1970-იან წლებში, მშობლიურ გუდაუთაში შესანიშნავი კოლექცია გააშენა, სადაც არაერთი უნიკალური ჯიში ხარობდა და სამეცნიერო კვლევასაც აწარმოებდა.

bpn.ge ქართული ვაზის შესახებ სწორედ ვაჟა გოცირიძეს ესაუბრა.

- სულ ქართული ვაზის ჯიშების რაოდენობა 525-ს აღწევს, მაგრამ ამათგან იდენტიფიცირებული და აღწერილია მხოლოდ 414 ჯიში. ვაზი საქართველოს ყველა კუთხეში ხარობდა, გარდა ხევსურეთისა და სვანეთისა. ამდენი ჯიში რომ გვაქვს, ეს ქართველი ხალხის ეკონომიკური მოღვაწეობის ნაყოფია. 414 ჯიშიდან წარმოებაში მხოლოდ 27 ჯიშია დამკვიდრებული, ეს არის საუკეთესო ჯიშები, რომლებიც თითქმის ყველამ ვიცით: კახეთში - რქაწითელი და საფერავი, ქართლში - შავკაპიტო და გორული მწვანე, დასავლეთ საქართველოში - ცოლიკაური, კრახუნა და ჩხავერი, გურიაში - ოჯალეში და ა.შ... ამ ჯიშების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება. 2003-2004 წლებში ექსპედიციები ჩავატარეთ გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში, რაჭაში, სამცხე-ჯავახეთში და უამრავი ახალი, მანამდე უცნობი ჯიში აღმოვაჩინეთ, რომელიც ჯერ აღნიშნული და ფიქსირებულიც კი არ არის. ეს ჯიშები შეგროვებასა და შესწავლას საჭიროებს. ყურადღება სჭირდება არა მხოლოდ ქართულ, არამედ კავკასიაში გავრცელებულ სხვა უნიკალურ ჯიშებსაც. იბერიულ-კავკასიურმა რასამ შემოინახა ვაზის არაერთი უნიკალური ჯიში, რომელსაც პატრონიც კი არა ჰყავს, თანდათან მათ რუსეთი ეპატრონება. მარტო ლეკებს 180-მდე ყურძნის ჯიში აქვთ, არანაკლებ საყურადღებოა უბიხური ჯიშებიც.

-ჩვენს პირობებში მსოფლიოში ცნობილი, პოპულარული ღვინოების დამზადება თუ შეიძლება?

-საქართველოში შეიძლება დამზადდეს თითქმის ყველა ტიპის ღვინო, რაც კი მსოფლიოში მზადდება, მაგალითად, ხერესი, რომელსაც თუ დალევ, მისი გემო არასოდეს დაგავიწყდება. ხერესი ძალიან კარგად ხარობს დედოფლისწყაროს რაიონში. იგივე ითქმის სხვა უცხოურ ჯიშებზეც, მაგრამ ჩვენ გვაქვს არაერთი ადგილობრივი ჯიში, რომელიც უმაღლესი ხარისხის ღვინოს იძლევა. სწორედ ისინი უნდა გამოვიყენოთ, ახალი ჯიშების სელექციაზე უნდა ვიმუშაოთ, რაც სამწუხაროდ, აღარ ხდება. ამ საქმეში მეცნიერები რომ ერეოდნენ, ქართული ღვინის ხარისხიც გაიზრდებოდა და ასორტიმენტიც. ქართლში, კახეთში, მესხეთში შეიძლება ვაწარმოოთ სუფრის ჯიშებიც, მთელ მსოფლიოშია ცნობილი ქართლის თითა და კოლხური ხარისთვალა, რომლებიც ევროპელებსაც მოჰყავთ. ჩვენი სუფრის ჯიშები ყველა ნიშნის მიხედვით გაუწევს კონკურენციას მსოფლიოში განთქმულ ჯიშებს, რადგან მათში შაქრისა და ორგანული მჟავების ურთიერთშეთანხმება საუკეთესოა. სხვათა შორის, ჩვენი გლეხები ძალიან მიეჩვივნენ ღვინოში შაქრის ჩამატებას, რაც ევროპული წესია.

- როგორც ვიცი, შაქარზე დამზადებული ღვინო ჩვენს გლეხებს დღესაც არ მოსწონთ.

- იმიტომ, რომ ეს არ არის ქართული წესი და ტრადიცია. ფრანგები, მაგალითად, კლასიკურ ღვინოებს, თვით ბორდოსაც კი, შაქარს უმატებენ, მაგრამ იქ შაქრიანობა 19 პროცენტამდე ვერ ადის, ჩვენ ეს არც ერთ რეგიონში არ გვჭირდება, რადგან 19-პროცენტიანი შაქრიანობა თითქმის ყველა ქართულ ჯიშს აქვს. დედა-ბუნება საშუალებას გვაძლევს, რომ ღვინის დამზადებისას შაქარი საერთოდ არ გამოვიყენოთ. ჩვენს ქვეყანაში არსებობს ჯიშები, რომლებიც სელექციისათვის საუკეთესოა. ვაზის ჯიშების გაუმჯობესება სულ უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ ეს დარგი მეცნიერების გარეშეა დარჩენილი. საერთოდ, რაც უნდა კარგი იყოს ჯიში, ნაკლი მაინც აქვს, რადგან მისი ღირსება მხოლოდ გემოთი არ განისაზღვრება. არსებობს ჯიშები, რომლებიც მოსავლით არ გამორჩევა, მაგრამ ხარისხი უმაღლესი აქვს. ამ ჯიშების გაუმჯობესება შეიძლება, თუ მაღალმოსავლიან ჯიშებთან შევაჯვარებთ - მაგალითად ცოლიკაურთან, ან რქაწითელთან. სწორედ ამგვარი შეჯვარებითაა მიღებული არაერთი საინტერესო ჯიში. ჩვენებურ ჯიშებზე დაყდრნობით 300-ზე მეტი ვაზის ჯიშია მიღებული ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამიტომაცაა საჭირო მეცნიერების ჩარევა ამ საქმეში. სამწუხაროდ, ჩვენი სოფლის მეურნეობა მეცნიერების გარეშეა დარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ კარგი მეცნიერები გვყავს, მათ მრავალწლიან ცოდნასა და გამოცდილებას ვერ ვიყენებთ. საქართველოში მეცნიერება აღარ არსებობს, ჩამკვდარია. არავინ ამ სფეროში კვლევას აღარ ეწევა, არც ერთი საცდელი სადგური და ნაკვეთი აღარ გვაქვს. წინა ხელისუფლებამ მეცნიერება ლამის მიწასთან გაასწორა და იქნებ ახლა მაინც მიექცეს ყურადღება ამ უმნიშვნელოვანეს სფეროს, რომლის გარეშეც ვერც ერთი ქვეყანა წინ ვერ წავა, ვერ განვითარდება.

ხათუნა ჩიგოგიძე