Deutsche Bank-ის ლონდონის განყოფილებამ რუსეთის ხელისუფლებას წერილი გაუგზავნა.
გამოცემა Ведомости-ს ინფორმაციით, წერილში წერია, რომ კომპანია რუსეთის ხელისუფლებისადმი მომსახურების Know your customer (KYC, „იცნობდე შენს კლიენტს“) საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკის ფარგლებში ანალიზს ატარებს. ამ ნაწილში კომპანია მისი კლიენტების იდენტიფიცირებას ახდენს და სწავლობს მის მონაცემებს, რომ არ მოხდეს ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება. როგორც ბანკი აღნიშნავს, ამ პრაქტიკის მიხედვით ის პერიოდულად ანახლებს მონაცემებს საკუთარ კლიენტებზე და შესაბამისად, შეუძლია მოითხოვოს მათზე ინფორმაცია.
„თქვენი მხრიდან ინფორმაციის გაუცემლობამ შესაძლოა, გამოიწვიოს ჩვენი საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტა. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და თუ ეს მომდევნო 30 დღის განმავლობაში არ მოხდება, ბანკი გააგზავნის უწყებას საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ“ - წერია ბანკის მიერ ჯერ კიდევ 30 ივნისს გაგზავნილ წერილში. ეს კი ნიშნავს, რომ ვადა ჯერ კიდევ 30 ივლიის ამოიწურა.
რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ წერილის მიღება დაადასტურა, თუცმა სხვა დეტალებზე კომენტარისგან თავი შეიკავა. გამოცემას ორმა ინფორმიერებულმა წყარომ კი უთხრა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ბანკის მოთხოვნაზე პასუხი არ გაუგზავნია, თუმცა ისიც დასძინეს, რომ თავად ბანკსაც არ მოუწერია ამის შემდეგ ამ საკითხზე არაფერი.
აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე უცნობია ბანკის შემდგომი ნაბიჯი, თუმცა მისი წესების მიხედვით, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მან ურთიერთობა დამკვეთთან უნდა გაწყვიტოს.
კოკა კვირკველია