დედაქალაქში ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის დაჯარიმებულთა 34% უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის ზედამხედველობის სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.
სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 19 აგვისტოს ჩათვლით, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის მთლიანად 3021 ჯარიმა დაიწერა, აქედან 2785 ოქმი შედგენილია ქვეითი ინსპექტორების, 226 კი სამანქანო ეკიპაჟების მიერ. ეკიპაჟებმა სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო 192 ოქმი შეადგინეს. აქედან 131 ფიზიკური პირი და 61 ორგანიზაცია იყო.
რაც შეეხება მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას, სტატისტიკის მიხედვით წელს 2838 ჯარიმა დაიწერა. აქედან 66 ოქმი ორგანიზაციაზე შედგა, ხოლო 2769 - ფიზიკურ პირზე. ფიზიკური პირებიდან 1922 საქართველოს, ხოლო 870 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
რაც შეეხება გასულ წელს, 2017-ში სამშენებლო და მუნიციპალური ნარჩენების გამო გამოწერილი ჯარიმების საერთო რაოდენობა 4562 იყო. დაჯარიმებულებიდან 2491 საქართველოს, ხოლო 1629 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.
თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ქვეითი ინსპექტორები 14 ლოკაციაზე ახორციელებენ ინსპექტიორებას. ესენია: ლესელიძე, ერეკლეს. ქ. კოლმეურნეობა, მელიქიშვილი, რუსთაველი, თავისუფლება, აბანოთუბანი, ლეღვთახევი, რიყე ნარიყალა, მარჯანიშვილი, პეკინი, ბუკიას ბაღი, სპორტის სასახლე. ხოლო სამანქანო ეკიპაჟებით ინსპექტირება თბილისის მთელ ტერიტორიაზე ხორციელდება.
ცნობისათვის, ნარჩენებით ქუჩების დანაგვიანებასთან დაკავშირებით ჯარიმების სისტემა დედაქალაქში 2017 წლის 20 აპრილიდან ამოქმედდა. ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ისჯება 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით; 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარი, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარი; ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება - 50 ლარი (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას); ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 150 ლარი;
ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარი; სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი - 400 ლარი, იურიდიული პირი - 1 000 ლარი.
ქრისტინე გამთენაძე