ვფიქრობ, მერიამ დააგვიანა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამუშაოების დაწყება, - ამის შესახებ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა თბილისში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ გზების რეაბილიტაცია თავისთავად დადებითია, თუმცა ყურადღება არის მისაქცევი სამუშაოების ჩატარების ვადებზე.
„ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბრის 10 რიცხვამდე საგზაო სამუშაოების ჩატარების საუკეთესო პერიოდად ითვლება და როდესაც აქ ხდება გარკვეული ცვლილებები, ეს პირდაპირ აისახება ტრანსპორტის მოძრაობაზე, ჩვენს გადაადგილებაზე და შემდგომ იქმნება ის პრობლემები, რომელიც ყველასთვის ცნობილია. ვფიქრობ, მერიამ დააგვიანა სამუშაოების დაწყება, მათ გაცილებით ადრე უნდა დაეწყოთ ინტენსიური სამუშაო პროცესი. პრაქტიკულად, ივნისი-ივლისში მასშტაბური სამუშაოები არ მიმდინარეობდა.
აქვე ჩნდება კითხვა, რამდენად ჩაეტევა ვადებში მერია, ვფიქრობ, იქნება გადაცილება... ეს საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს შექმნის სექტემბერში. ხალხი ჩამოდის, ბრუნდება რაიონებიდან, შესაბამისად, გადაღობილი გზები საგზაო მოძრაობას ძალიან გადატვირთავს“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.
თბილისში, რამდენიმე მონაკვეთზე დღის განმავლობაში საცობებია შექმნილი. გადაადგილება გართულებულია: ბარათაშვილის ხიდზე, დიდი დიღმიდან მარშალ გელოვანის გამზირისკენ, რობაქიძის გამზირზე, კახეთის გზატკეცილზე, შარტავას მოედანზე, სარაჯიშვილის გამზირიდან ავჭალის მიმართულებით და სხვა.