თბილისში მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, რამდენიმე მთავარ საავტომობილო გზაზე საცობებია შექმნილი.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტები იუწყებიან, გადაადგილება გართულებულია, მათ შორის, სარაჯიშვილის გამზირიდან ავჭალის მიმართულებით, აღმაშენებლის ხეივანში, მარშალ გელოვანის გამზირზე, რობაქიძის გამზირზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე, ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მიმართულებით.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მძღოლები აცხადებენ, მიმდინარე სამუშაოების გამო მათ დიდი ხნით უწევთ საცობში ყოფნა.
„ერთ საათზე მეტია რობაქიძის გამზირზე საცობში ვარ. არ შეიძლებოდა გზები მაშინ გაკეთებულიყო, როცა თბილისიდან ხალხი გასული იყო?“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მძღოლმა.