Forbes-მა წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მამაკაცი მსახიობები დაასახელა

Forbes-მა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი კაცი მსახიობების ათეული გამოაქვეყნა. მათი შემოსავლების ჯამმა კი 748,5 მილიონი დოლარი შეადგინა.

გამოცემის რეიტინგში ლიდერია ჯორჯ კლუნი, ჟურნალმა მისი ბოლო ერთი წლის შემოსავალი 239 მილიონ დოლარად შეაფასა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ის საერთოდ არ იყო რეიტინგში. კლუნიმ მის პარტნიორებთან ერთად Diageo-ში საკუთარი წილი გაყიდეს, რამაც მისი მაღალი შემოსავლები განაპირობა.

რეიტინგში მეორეა დუეინ ჯონსონი 124 მილიონით. მისი შემოსავლების დიდი წილი კი ბლოკბასტერებში გადაღებაზე მოდის. მესამეა რობერტ დაუნი უმცროსი 81 მილიონით, მისი შემოსავლების ლომის წილიც კინოშემოსავლებზე მოდის, განსაკუთრებით კი „შურისმაძიებლების“ ბოლო ეკრანიზაციიდან მიღებულ შემოსავლებზე, რომელიც აისახა ასევე რეიტინგის მეოთხე ადგილზე და ამავე ფილმში გადაღებული კრის ჰემსვორთის შემოსავლებზეც, რომელმაც 64,5 მილიონი გამოიმუშავა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მეხუთე ადგილზე 45,5 მილიონით მოჰყვება ჯეკი ჩანი.

ათეულის მეექვსე პოზიციაზეა უილ სმიტი 42 მილიონით, მეშვიდეზე აკშაი კუმარია - 40,5 მილიონით, რომელიც ბოლივუდის წარმომადგენელია, მას 2 პოზიციით ჩამორჩება მისივე თანამემამულე სალმან ხანი 38,5 მილიონით. მათ შორის კი ადამ სენდლერია 39,5 მილიონით. ათეულს ხურავს კრის ევანსი 34 მილიონი დოლარის შემოსავლით.

შეგახსენებთ, გასულ წელს რეიტინგს სათავეში მარკ უოლბერგი ედგა, 68 მილიონით.

კოკა კვირკველია