ილონ მასკი: „ტესლა“ მალე 25 000-დოლარიან ელექტრომობილს გამოუშვებს

„ტესლას“ შეფი ილონ მასკი ამბობს, რომ მის კომპანიას სამ წელიწადში შეუძლია ისეთი ელექტრომობილის გამოშვება, რომელიც 25 000 დოლარზე მეტი არ ეღირება.

ოღონდ, ამისათვის „ტესლამ“ რამდენიმე ტექნოლოგიურ გარღვევას უნდა მიაღწიოს და იმავდროულად, მკვეთრად გააუმჯობესოს საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობა.

მასკმა ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა, რომ „ტესლამ“ შესაძლოა, „მოდელ 3-ზე“ პატარა ავტომობილიც გამოუშვას. თუმცა ამას ხუთი წელი მაინც დასჭირდება. მაგრამ მას ამ ავტომობილის საფასო სეგმენტი მაშინ არ დაუკონკრეტებია.

ცნობისათვის, „ტესლას“ სულ ორწელიწადნახევარი დასჭირდა იმისათვის, რომ „მოდელ 3“ კონცეპტუალური პროტოტიპიდან, სერიულ ავტომობილად გარდაექმნა. ოღონდ, ჯერჯერობით არ შეუსრულებია პირობა, რომლის შესაბამისადაც, მისი სასტარტო ფასი 35 000 დოლარი უნდა ყოფილიყო. ამჟამად ამ ელექტრომობილის ყიდვა მინიმუმ 50 000 დოლარად არის შესაძლებელი. თუმცა მასკი კვლავაც დაჟინებით იმეორებს, რომ „მოდელ 3-ის“ იაფ ვერსიას მალე გამოუშვებს და ის სწორედ 35 000 დოლარი ეღირება.

გერმანელმა ინჟინრებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ ყოველი „მოდელ 3-ის“ წარმოება „ტესლას“ დაახლოებით 28 000 დოლარი უჯდება. აქედან დაახლოებით 10 000 დოლარი წარმოების და ხელფასების ხარჯია, დანარჩენი კი - მაკომპლექტებლების და მასალების. თუ ამერიკულ კომპანიას სურს, გამოუშვას ავტომობილი, რომელსაც 25 000 დოლარად გაყიდის, მაშინ როგორმე ხარჯების 20 000 დოლარზე ქვემოთ დაყვანა უნდა მოახერხოს.