საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, გარდა იმ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობისა, რომელიც გერმანიის კანცლერის ვიზიტს ახლავს თან, ის მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისითაც.
„კანცლერის ვიზიტისას მას ასევე მოყვება საკმაოდ მსხვილი ბიზნესკომპანიები, რომლებთანაც ჩვენ გვექნება შეხვედრები და გავაცნობთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს“, - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 23-24 აგვისტოს თბილისში მრგვალი მაგიდის ფორმატში ქართულ-გერმანული ბიზნეს შეხვედრები გაიმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს გერმანული ბიზნესექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს რკინიგზასა და „დოიჩე ბანს“ შორის დაწყებულ მოლაპარაკებებზე.
„მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ დღევანდელი პრემიერის, საქართველოს რკინიგზის დირექტორის პოზიციაზე ყოფნის დროს იყო დაწყებული და უფრო მჭიდრო ეტაპზე გადადის. „დოიჩე ბანის“ წარმომადგენლები ჩამოდიან ამ ვიზიტის ფარგლებში და ხვალ, ჩვენ და „საქართველოს რკინიგზას“ მათთან შეხვედრა გვექნება“, - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში ხელი ეწერება KFW-სა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ეს პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის როგორც წმინდა ეკონომიკური, ისე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით.
როგორც გიორგი ჩერქეზიშვილი აღნიშნავს, გერმანია საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. მისი ინფორმაციით, ქართული ექსპორტი ევროკავშირში, გასული 7 თვის განმავლობაში 20%-ზე მეტით იქნა გაზრდილი, მათ შორის გერმანიაში ქართული ექსპორტის ზრდის წილი 36%-მდეა.
„მნიშვნელოვანია, რომ ეს დივერსიფიცირებული და საკმაოდ ფართო პროდუქციაა. ამ ვიზიტისას კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, რომ საქართველო საუკეთესო ქვეყანაა რეფორმების და საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რომელსაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავაცნობთ და გვექნება საუბარი ამ კომპანიებთან ამ ვიზიტის განმავლობაში“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.