ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოსა და გერმანიას სხვადასხვა სფეროებში შეგვიძლია თანამშრომლობა,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გერმანიის კანცლერმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კუთხით რამდენიმე სფერო გამოყო, მათ შორის განათლება და კრიმინალთან ბრძოლა.
„ჩემთან ერთად არიან სხვადასხვა გერმანული კომპანიების წარმომადგენლები. თქვენ ახსენეთ საქართველოს რკინიგზისა და გერმანიის რკინიგზის ურთიერთობა. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრმა ჩვენ გაგვაცნო, რომ ძალიან ბევრი შანსია საქართველოსთვის განათლების სფეროში. შეგვიძლია ბევრი გავაკეთოთ დუალური განათლების ხელშესაწყობად საქართველოში და ბევრი ინვესტიცია ჩავდოთ ამაში.
ჩემი ვიზიტის დროს ორ შეთანხმებას მოეწერება ხელი - ეს დაახლოებით 193 მილიონ ევროს ეხება. მაგალითად, გაზის საცავი, ასევე წყლის მომარაგების სისტემებისათვის გამოიყოფა ეს ფული. ევროკავშირთან საქართველოს აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ საქართველოსთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერაში, ასევე ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით. მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოსა და გერმანიას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და ძალიან კარგი პარტნიორია ჩვენთვის საქართველო“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა მცირე და საშუალო ბიზნესის კუთხით თანამშრომლობაზეც ისაუბრა.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სხვადასხვა სფეროებში შეგვიძლია თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრმაც თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ბიზნეს შორის იყოს ურთიერთობა და ერთმანეთს ხშირად შეხვდნენ ეკონომიკის მინისტრები და ის ხალხი, ვინც ეკონომიკაზეა პასუხისმგებელი, რათა ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკაში უფრო ინტენსიური გავხადოთ და გავცვალოთ გამოცდილებები.
მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში, ქვეყანაში, რომელშიც ძალიან სწორ ეკონომიკურ გზას ადგას, ეკონომიკური ზრდა ნამდვილად სახეზეა“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.