მდინარე სუფსამ დამბა გაარღვია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მდინარე სუფსაზე არსებული დამბა გაირღვა და წყალი 70-ზე მეტი ოჯახის კერძო საკუთრებაში მიედინება.

ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ამ წუთებში გურიაში გადაუღებლად წვიმს, რამაც რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დააზარალა. ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მცირე მეწყერული ჩამონაშალია დაფიქსირებული საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე. ასევე, განადგურდა საყანე ფართობები, დაზიანდა მილხიდები და სანიაღვრე არხები.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოვლენების საქმის კურსში იმყოფება და საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთვება. ამ დროისათვის, პირველად სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აწარმოებენ. ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.