"ვარაზისხევში არც ქვაფენილის დატოვებაში ვხედავ პრობლემას, მხოლოდ არა იმ მდგომარეობაში, როგორც ახლა არის"

მოსახლეობას ერთმანეთთან არ დავაპირისპირებთ.ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს საქმეს და არც გადაწყვეტილებების მიღების გვერიდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც ვარაზისხევში ქვაფენილის შეცვლასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

კახა კალაძის თქმით, ვარაზისხევში გზის საფარს რეაბილიტაცია აუცილებლად ჩაუტარდება, თუმცა რა ფორმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ამასთან, თბილისის მერმა საუბრისას აღნიშნა, რომ თუ იქ ქვაფენილის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებენ, იგი შეიძლება ახლით შეიცვალოს. პროექტის განხორციელებას მერია მომავალ წელს გეგმავს.

„პასუხისმგებლიანი მთავრობა ვართ, გადაწყვეტილებებსაც ვიღებთ და ჩვენს გადაწყვეტილებებზეც ვაგებთ პასუხს. რაც შეეხება პროექტს, იგი მომავალ წელს განხორციელდება, რადგან ქალაქში ახლა საკმაოდ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და ახლა ვარაზისხევის გადაკეტვა სერიოზულ პრობლემებს გააჩენდა ქალაქში. შეიქმნებოდა აბსოლუტური ქაოსი. შესაბამისად მომავალ წელს განვახორციელებთ. ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, არც ქვაფენილის დატოვებაში ვხედავ პრობლემას, მხოლოდ არა იმ მდგომარეობაში, როგორც ახლა არის და ასევე, მოასფალტებაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მოასფალტებასთან დაკავშირებით მე რამდენიმე კომენტარი ვნახე, რომლებიც არაკომპეტენტური იყო – თითქოს ზამთარში იქ პრობლემები შეიქმნება. ამას არ ჩავუღრმავდები. შესაბამის გადაწყვეტილებას დედაქალაქის მერია მიიღებს. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო იქ მცხოვრები მოსახლეობის პოზიცია. ჩემთვის გასაგებია მათი მდგომარეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიამ მოსახლეობას მიმართა ვარაზის ხევში გზის საფარის შეცვლასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირონ: სურთ იქ ქვაფენილი დარჩეს, თუ ასფალტის საფარი დაიგოს.