შტატ პუებლას ფერმერები „ფოლკსვაგენს“ გვალვის გამოწვევაში ადანაშაულებენ.პუებლაში გერმანული კონცერნის ერთ-ერთი უდიდესი ქარხანა 1967 წლიდან მუშაობს და წლიურად საშუალოდ 450 000 ავტომობილს აწარმოებს. იქ დასაქმებულთა რაოდენობა კი 15 000-ს აღწევს. ბუნებრივია, ქარხანას შტატის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
მაგრამ როგორც ირკვევა, საავტომობილო ქარხანას მის ირგვლივ არსებულ ტერიტორიაზე, გვალვის გამოწვევაც შეუძლია. როგორც „ფაინენშლ ტაიმსი“ წერს, წვიმების სეზონის წინ, „ფოლკსვაგენმა“ ქარხნის რაიონში აკუსტიკური ქვემეხები დააყენა, რომელთა მიერ აღძრული ტალღებიც, ღრუბლების გასაფანტად გამოიყენება. გერმანულმა კომპანიამ ეს ქვემეხები, სეტყვის გამომწვევი ღრუბლების დასაშლელად გამოიყენა, რათა ქარხნის სადგომზე მოთავსებული ათასობით ავტომობილი დაზიანებისგან ეხსნა.
ადგილობრივი ფერმერები ირწმუნებიან, რომ სწორედ ასეთი დანადგარების ხშირად გამოყენების გამო, რეგიონში წვიმა იშვიათობა გახდა. მათი მტკიცებით, გვალვამ 2 ათას ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გამოაშრო და მათ 70 მილიონი პესო (დაახლოებით 3.2 მილიონი ევრო) აზარალა.
ამის გამო ფერმერებმა „ფოლკსვაგენის“ წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს, რითაც ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. გერმანული კომპანია კი აკუსტიკური ქვემეხების დემონტაჟის პირობას იძლევა და ამის სანაცვლოდ, ავტომობილების დასაცავად სადგომის გადახურვას გეგმავს.