საქართველოში ხინკლის ცომის ფირფიტების წარმოება გასულ წელს დაიწყო და კომპანია ახლა უკვე 7 დასახელების პროდუქტს აწარმოებს.
როგორც „ცომი“-ის დამფუძნებელი ნიკოლოზ სარაჯევი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მაღაზიათა ქსელებში არსებული „ცუდი პირობების“ გამო გადაწყდა, რომ კომპანიას საკუთარი საფირმო მაღაზია გაეხსნა და პროდუქციის რეალიზაცია იქიდან მოეხდინა.
მისი თქმით, დამწყები ბიზნესისთვის, მაღაზიების პირობები არახელსაყრელია, რადგან იქ დამატებითი ღირებულების, ასევე მოგების გადასახადიც შედის, გარდა ამისა, ანგარიშსწორება 2-3 თვის შემდეგ ხდება, რაც პროდუქციის თვითღირებულებას ზრდის, ეს კი დამწყები მწარმოებლისთვის მიუღებელია.
კომპანიის დამფუძნებელი ნიკოლოზ სარაჯევი თავად მზარეულია. ბოლო ორი წელწადი მან კულინარიის შესწავლას დაუთმო. ხინკლის ცომის წარმოების იდეა კი წარმოების დაწყებამდე ერთი წლით ადრე დაებადა. მისი თქმით, მიზანი ხინკლის მოყვარულებისთვის შრომის შემსუბუქება იყო.
ამჟამად კომპანია უკვე 7 დასახელების პროდუქტს ამზადებს და გარდა ხინკლის ცომისა, მომხმარებელს პელმენის, ანტრიების, ბლინჩიკების, აჭარული ხაჭაპურის, პიცისა და აჩმის ცომსაც სთავაზობს.
„ცომი“ საწარმოში დანადგარების მეშვეობით მზადდება, თუმცა ადამიანების ჩართულობით. ამ ეტაპზე საწარმოში სულ 5 ადამიანია დასაქმებული. საწარმო სარაჯევმა მთლიანად საკუთარი სახსრებით გახსნა.
დასაწყის ეტაპზე, დამფუძნებლისთვის ერთ-ერთ მთავარ მიზანს მაღაზიათა ქსელებში შესვლა წარმოადგენდა, თუმცა სარაჯევი „ბიზნესპრესნიუსთან“ იმ სირთულეებზე, საუბრობს, რომელსაც მოლაპარაკებების პროცესში წააწყდა.
„სამწუხაროდ, მაღაზიებში არ ვართ წარმოდგენილი. საბოლოო ჯამში, გადაწყდა, რომ ჩვენ თვითონ მოგვეხდინა მისი რეალიზაცია. საწარმოსთან ახლოსვე, ქუთაისის ქუჩაზე გავხსენით საფირმო მაღაზია. ასევე გვაქვს მიტანის სერვისიც. ჩვენი აქტიური მომხმარებლები არიან ასევე რესტორნები, რომელთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ.
რაც შეეხება მაღაზიათა ქსელებთან ურთიერთობას, აქ ბევრი სირთულეა. მოგეხსენებათ, ჩვენ დამწყები ბიზნესი ვართ და დღგ-ს არ ვიხდით, მაღაზიაში კი მოგების დანამატიც შედიოდა და დღგ-ც, რაც პროდუქციის სარეალიზაციო თანხას ზრდიდა. რა თქმა უნდა, ეს არ გვაწყობდა. გარდა ამისა, 2-3 თვის მერე ხდება ანგარისწორება. ასევე პრობლემა იყო დაზიანეული პროდუქტი, მომხარებელი დააზიანებს თუ მომსახურე პერსონალი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ, ბევრ სირთულეს წავაწდით. ვცადეთ სხვადასხვა ქალაქებშიც გავსულიყავით, მაგრამ კომერციულად ჩვენთვის არ იყო მომგებიანი“,-აცხადებს ნიკოლოზ სარაჯევი.
როგორც „ცომის“ მწარმოებელი აცხადებს, პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია, ამიტომ, სამომავლოდ კომპანია საკუთარი კვების ობიექტის გახსნას და ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს. მისი თქმით, სატესტო ნიმუშები გაგზავნილია როგორც ევროპის, ისე პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში და კომპანია მოლოდინის რეჟიმშია.
„სამომავლოდ პროდუქციის დაამტებასაც ვგეგმავთ. ასევე ვფიქრობთ, კვების ობიექტი გავხსნათ, სადაც უშუალოდ ჩვენი პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ძირითადად, უფრო ქართულზე გაკეთდება აქცენტი. თუმცა კონკრეტულად, სად და როდის გავხნით, ჯერ ისევ ძიების პროცესში ვართ. რაც შეეხება საწარმოს გაფართოვებას, ეს მოთხოვნის შესაბამისად მოხდება. ამ ეტაპზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია, როგორც უშუალოდ მომხმარებლებიდან, ისე რესტორნებიდან. ვნახოთ, რა იქნება. ვერ ვიტყვი, რომ სწრაფი ტემპებით ვვითარდებით, თუმცა ქართული ბაზარი ნებისმიერ მწარმოებლისთვის დიდი არ არის“,-აცხადებს ნიკოლოზ სარაჯევი.
რაც შეეხება ფასებს, კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, ხინკლის, პელმენის და ანტრიის ფირფიტები 2, 50. ღირს. შეკვრაშია ხინკლის 10 ფირფა, პელმენში - 56, ანტრიის შეკვრა კი 500 გრამიანია; აჩმის 12 ნაჭრიანი ფირფიტები, სადაც 9 ფენა ცომია, მათ შორის 7 მოხარშული, 9,50. ღირს; პიცის და აჭარულის ცომები - 3 ლარი, ხოლო ბლინჩიკის 20 ცალიან ფირფიტები - 4,50 ლარი.