ყველაზე ძვირად ღირებული სკოლები თბილისში

შვილისთვის სკოლის შერჩევა მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საკითხია.

ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო პოპულარული გახდა კერძო სკოლაში ბავშვის მიყვანა. ზოგიერთი მათგანში სწავლა კი ფუფუნებად ითვლება.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია, თბილისში რომელია ყველაზე ძვირად ღირებული სკოლა.

„QSI" საერთაშორისო სკოლა

წლებია „QSI" ყველაზე ძვირად ღირებული სკოლის სტატუსს ინარჩუნებს. QSI-ს ისტორია 1971 წელს იწყება: პირველი ასეთი სკოლა იემენის დედაქალაქ სანაში დაარსდა. თბილისში კი სკოლა 1995 წელს დაარსდა და სწავლა მთლიანად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. წლიური გადასახადი კი 25 ათასი დოლარია. საერთაშორისო სკოლაში საქართველოში სხვადასხვა მისიით მყოფი დიპლომატების შვილები სწავლობენ.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია

ამერიკული აკადემია თბილისში 2001 წელს დაარსდა. მოსწავლეთა საერთო რაოდენობა IX-XII კლასებში კი 290-ს შეადგენს. სწავლის წლიური გადასახადი 2018-2019 სასწავლო წლისთვის ასე გამოიყურება: 8 კლასში წლიური გადასახადი 12,500 ლარია. 9-12 კლასში კი საქართველოს მოქალაქისთვის 24,000, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის 32, 000 ლარი. გარდა ამისა, აკადემიაში მიღებულ მოსწავლეს 600 ლარის ოდენობის საგარანტიო დეპოზიტის გადახდა მოეთხოვება.

მოსწავლეს მატერიალური პასუხისმგებლობის ქვეშ გადაეცემა აკადემიის კუთვნილი ქონების ნაწილი, როგორიცაა წიგნები, შემნახველი კარადის გასაღები და სხვა აქტივები. მეთორმეტე კლასის ბოლოს, მოსწავლეს აღნიშნული დეპოზიტი სრულად დაუბრუნდება.

ევროპული სკოლა

ევროპული სკოლა 2007 წელს დაფუძნდა. 2009 წელს სკოლამ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის (IB DP) ავტორიზაცია მოიპოვა. 2010 წელს კი “ევროპულმა სკოლამ“ გაიარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკრედიტაცია. რაც შეეხება სწავლის საფასურს, კლასის მიხედვით 4 ათასიდან 8 ათას ევრომდე მერყეობს.

ბრიტანულ-ქართული აკადემია

ბრიტანულ-ქართული აკადემია ავტორიზებული კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, რომელიც 2006 წელს დაარსდა. სწავლის ფასი 5900 დოლარია

კავკასიის ფრანგული სკოლა

კავკასიის ფრანგული სკოლა 2006 წელს დაარსდა. 2013 წლის სექტემბრიდან დაწესებულება აღიარებულია საზღვარგარეთ ფრანგული სწავლების სააგენტოს (AEFE) მიერ. სკოლაში 30 სხვადასხვა ქვეყანის მოქალაქე სწავლობს. ფასი: დაწყებითი კლასებში 5 100 ევროა, მაღალი კლასებში კი 5 450 ევროს შეადგენს.

ლოგოსი

სკოლა „ლოგოსი“ 2010 წელს დაარსდა. სკოლის აკადემიური პროგრამა მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მას ემატება საერთაშორისო ტესტები SAT და TOEFL . საერთაშორისო აკადემია ლოგოსში დაწყებით კლასების წლიური საფასური 5980 ლარს შეადგენს. ხოლო VII და VIII კლასებში 9000 ლარია, IX კლასიდან XII კლასის ჩათვლით კი გადასახადი წელიწადში 11180 ლარია.

ახალი სკოლა

”ახალი სკოლა” 1999 წელს დაარსდა. 2008 წელს “ახალმა სკოლამ“ საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის დაწყებითი კლასების პროგრამის (3-დან 12 წლამდე), 2010 წლის იანვარში ამავე ორგანიზაციის სადიპლომო პროგრამის (XI-XII კლასები) და ამავე წლის გაზაფხულზე საბაზო სკოლის პროგრამის (VI-X კლასები) ავტორიზაცია გაიარა. რაც შეეხება წლიურ გადასახადს, დაწყებითი - 2 800 ევრო, საშუალო - 2 900 ევრო, საბაზო - 3 100 ევრო ღირს.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისში 2000 წელს გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით შეიქმნა. დაწყებითი და უმაღლესი სკოლის საფეხურზე სწავლის ღირებულება წელიწადში 2400 ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ფასში შედის: ტრანსპორტირება სახლიდან სახლამდე, კვება, მოსწავლეთა აკადემიური და სპორტული ფორმები, სახელმძღვანელოები, ყველა თემატური ექსკურსია, რომელიც სკოლის ეგიდით ტარდება.

ქართულ-ამერიკული სკოლა

ქართულ-ამერიკული სკოლა 2013 წელს დაარსდა. სკოლა უზრუნველყოფს კვებით და სატრანსპორტო მომსახურებით თბილისის ყველა უბანში. სწავლის წლიური გადასახადი კი 8 000 ლარს შეადგენს.

წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა

წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა ერთ-ერთი პირველი კერძო სკოლაა, რომელიც არსებობის 22-წლიან ისტორიას ითვლის. რაც შეეხება წლიურ საფასურს, ის 5900 ლარს შეადგენს.