დღეს ტექნოლოგიური სტარტაპების საერთაშორისო კონკურსი Innov-a-thon Tbilisi გაიხსნება

ქარვასლის შენობაში დღეს, ტექნოლოგიური სტარტაპების საერთაშორისო კონკურსი Innov-a-thon Tbilisi სტარტს აიღებს.

სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ჩამოსული ვენჩერული ინვესტორების ჯგუფი, ქართულ ტექნოლოგიურ "სტარტაპ გუნდებს" შეარჩევს, რომლებიც ქალაქ დუბაიში გაემგზავრებიან და აქსელერაციის TURN 8-ის ოთხთვიან პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

Innov-a-thon Tbilisi-ს ორგანიზატორები საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და დუბაის ბიზნეს აქსელერაციის პროგრამა TURN8 არიან.

ღონისძიების მიზანია განხორციელდეს ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობის ხელშეწყობა, მაღალი პოტენციალის მქონე ტექნოლოგიური "სტარტაპების" აღმოჩენა და მათი განვითარება.

კონკურსის ფარგლებში, წინასწარ დარეგისტრირებულ გუნდებს ეძლევათ 5 წუთი იმისთვის, რომ ჟიურის წინაშე საკუთარი ბიზნეს-იდეა წარადგინონ. იდეები შეიძლება იყოს მობილური ან ვებ-აპლიკაცია, ელექტრონული კომერციის პორტალი, საგანმანათლებლო ან e-learning პროექტი, სოციალური ქსელი, ჯანდაცვის ტექნოლოგია ან ნებისმიერი სხვა ტექნოლოგიური პროექტი.

ღონისძიება მენტორულ სესიას მოიცავს, რომლის განმავლობაშიც მონაწილე გუნდები პროგრამა TURN8-ის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და "ქართველი ანტრეპრენორების ქსელის" წარმომადგენლებთან გაივლიან კონსულტაციებს.

ღონისძიება მენტორულ და ტრენინგ-სესიასაც მოიცავს, რომლის განმავლობაშიც მონაწილე გუნდები პროგრამა TURN 8-ის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და "ქართველი ანტრეპრენორების ქსელის - ent.ge-ს" წარმომადგენლებთან გაივლიან კონსულტაციებს.

მონაწილე გუნდებს ვორქშოპი - "როგორ გავაკეთოთ ეფექტური პრეზენტაცია" უკვე ჩაუტარდათ, რომელსაც კორეის ახალგაზრდა ანტრეპრენორების ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი მაიკლ ლი უძღვებოდა.

გუნდების რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონკურსის ოფიციალურ გვერდზე. რეგისტრაციისათვის გუნდმა უნდა წარმოადგინოს მოკლე ინფორმაცია გუნდის წევრებისა და მათი ბიზნეს იდეის შესახებ.

საკუთარი პროექტების პრეზენტაციის განსახორციელებლად უკვე 40-ზე მეტი გუნდი დარეგისტრირდა. ღონისძიება დღეს, 14:00 საათზე გაიხსნება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.