თურქული ლირის გაუფასურებასთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიიპ ერდოღანი ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე შეტევების მოსაგერიებლად, თურქების მონდომებაა აუცილებელი.
თურქული ლირა წელს დაახლოებით 40 პროცენტით გაუფასურდა, რისი ძირითადი მიზეზიც ისაა, რომ თავად ერდოღანი, მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრაში სულ უფრო ხშირად ერევა. და რა თქმა უნდა, ლირას ძლიერ აზარალებს თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული დაძაბულობა.
ერდოღანი ლირის მკვეთრ ვარდნას, „სავაჭრო ომს“ მიაწერს, რომლის წამოწყებაშიც ვაშინგტონს ადანაშაულებს. პრეზიდენტის თქმით, ამერიკა თურქულ ეკონომიკას პასტორ ენდრიუ ბრანსონის გამო უტევს, რომელსაც თურქული მართლმსაჯულება ტერორიზმის ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
თურქული ლირა ამერიკულ დოლართან წყვილში, აგვისტოს დასაწყისში დაეცა, როცა 1 დოლარის ფასმა 7.24 ლირას მიაღწია. მართალი, მას შემდეგ ლირამ ოდნავ აღიდგინა პოზიცია, მაგრამ მისი მდგომარეობა კვლავაც მყიფეა.
„ჩვენ დღეს თურქული ეკონომიკის წინააღმდეგ დაწყებული შეტევის მოგერიება გვიწევს. დამოუკიდებლობის, ერის და მომავლის შესანარჩუნებლად, ყველა თურქის დიდი მონდომებაა საჭირო“, - განაცხადა ერდოღანმა.
თურქულმა სასამართლომ ბრანსონის გათავისუფლებაზე უარი თქვა და ის შინაპატიმრობაში დატოვა, რაზე პასუხადაც, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ტყუილად ჯდომას“ არ აპირებს. პარალელურად, სარეიტინგო სააგენტო „სტანდარდ ენდ პუარზმა“ გამოაცხადა, რომ თურქეთს მომავალ წელს რეცესია ელის.
„მუდიზმა“ კი დაამატა, რომ თურქეთის საზოგადოებრივი ინსტიტუციების დასუსტებამ, ქვეყნის ეკონომიკა ნაკლებად პროგნოზირებადი გახადა. „ფიტ რეიტინგსის“ განცხადებით, ორთოდქსული მონეტარული პოლიტიკის არარსებობის პასუხი, ლირის ვარდნაა და თურქეთის მმართველთა რიტორიკა, ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობის და მდგრადობის აღდგენის შესაძლებლობას კიდევ უფრო ართულებს.
ერდოღანი მოსახლეობას მოუწოდებას, მათ ხელთ არსებული ოქრო და დოლარი, თურქულ ლირაში გადაცვალონ. მან განაცხადა, რომ ქვეყანას ვერაფერი შეუშლის ხელს, მიაღწიოს მიზნებს, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს, ისტანბულის აღების 600 წლის იუბილეს და მანასკერტის (მანციკერტის) ბრძოლის (რომელშიც ბიზანტიის დამარცხებამ, ანატოლიის ნახევარკუნძულის გათურქებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა) 1000 წლის იუბილეს (შესაბამისად, 2023, 2053 და 2071 წლებში) უკავშირდება.