არჩევნებში მონაწილე პარტიებმა ორ კვირაში 4 589 286 ლარი მიიღეს

არჩევნებში მონაწილე პარტიებმა გასულ ორ კვირაში ფინანსური შემოწირულების სახით, ჯამში 4 589 286 ლარი მიიღეს.

უფრო კონკრეტულად, პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, 1-დან 13 ივნისის ჩათვლით, ყველაზე მეტი შემოწირულება პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სასარგებლოდ განხორციელდა და შემოწირულების სახით 3 742 430 ლარი მიიღო.

შემოწირულების რაოდენობის კუთხით მეორე ადგილზეა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 297 362 ლარით და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 274 499 ლარით.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" შემოწირულების სახით მიღებული აქვს 123 721 ლარი, პარტია "საქართველოს გზას" 66 269 ლარი, "საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას" 19 707 ლარი, არასაპარლამენტო ოპოზიციას (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) – 19 613 ლარი, "ქართულ პარტიას" – 18 380 ლარი, "მწვანეთა პარტიას" 9 684 ლარი, "ხალხის პარტიას 5 400 ლარი, "რეფორმატორებს" – 4 716 ლარი, "დემოკრატიულ მოძრაობა -ერთიან საქართველოს" – 4 520 ლარი, მერაბ კოსტავას საზოგადოებას – 1 935 ლარი, პარტიას "განახლებული საქართველოსთვის" – 550 ლარი, "ქართულ დასს" – 300 ლარი, პარტია "მომავალ საქართველოს" - 200 ლარი, საინიციატივო ჯგუფებს კი ჯამში - 75 317 ლარი.