ნიკოლოზ გაგუა - Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკამ საგარეო რისკების მიმართ მდგრადობა გამოიჩინა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას შეფასებით, კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოსთვის რეიტინგის შენარჩუნება, მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც რეგიონში კვლავ მაღალია ეკონომიკური რისკები.

ასე ეხმაურება ნიკოლოზ გაგუა ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის თანახმად, საქართველოს პოზიტიურ პერსპექტივას ამყარებს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ის გარემოება, რომ საქართველოს ეკონომიკამ ბოლო პერიოდში გამოავლინა მდგრადობა საგარეო რისკების მიმართ.

„სააგენტო Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკამ საგარეო რისკების მიმართ მდგრადობა გამოიჩინა. რეიტინგში გამოყოფილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, კერძოდ: ბიზნესგარემო, რომელიც სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, არის პოზიტიური და საქართველო ამ მხრივ არის გამოკვეთილი ქვეყანა BB რეიტინგის ქვეყნებს შორის. ასევე, მნიშვნელოვანია საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებადი ტენდენცია, რაზეც მიუთითებს სარეიტინგო კომპანია. Fitch-ის პროგნოზით, 2018-2019 წლებში საბიუჯეტო დეფიციტი ქვეყანაში 2.6%-მდე შემცირდება, რაც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის კიდევ უფრო მეტი ფისკალური კონსოლიდაციის მიზნებთან, ისევე როგორც “BB” რეიტინგის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებთან. Fitch-ის შეფასებით, რეიტინგში პოზიტიური პერსპექტივის შენარჩუნება, ასახავს სარეიტინგო კომპანიის მხრიდან მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინს ქვეყანაში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.

მისი თქმით, სააგენტო მიუთითებს, რომ საქართველოს ფისკალური დეფიციტის შემცირების აშკარად გამოკვეთილი ტენდენცია უზრუნველყოფს ვალის სტაბილურ დონეზე შენარჩუნებას.

გაგუას განცხადებით, სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მაღალია სახელმწიფო ფინანსების მართვის ხარისხი და ეს მიმართულება განაგრძობს გაუმჯობესებას.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ინფლაციის დონე და Fitch-ის პროგნოზი, თანხვედრაშია ქვეყნის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან.

„საკრედიტო რეიტინგის პოზიტიური შეფასება მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის. ეს არის გზავნილი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მაკროეკონომიკური ფაქტორებისა და საგარეო ეკონომიკური შოკების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა. საკრედიტო რეიტინგებში შემდგომი წინსვლა, არის მთავრობის მიზანი და სამთავრობო პროგრამის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი და ყველა ის რეფორმა, რომელიც მიმდინარეობს და დაგეგმილია მთავრობის მიერ, ემსახურება ამ მიზნის მიღწევას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.