ფინანსთა მინისტრმა გადამხდელებს ახალი ინიციატივა გააცნო

გადამხდელთა მომსახურების გამარტივების მიზნით, მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობას უახლოეს მომავალში შემოსავლების სამსახურის მობილური სერვის-ცენტრები მოემსახურება.

ფინანსთა სამინისტროს ახალი ინიციატივის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა სტეფანწმინდაში სტუმრობისას გააკეთა, სადაც იგი გადამხდელებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ ხადურმა ასევე მოინახულა საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი", რომლის მუშაობაც დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის გამო დროებით შეფერხებულია. მინისტრი გაესაუბრა ადგილზე მომუშავე მებაჟეებს და მათგან მოისმინა ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გზის გახსნისთანავე საბაჟო მზადაა ჩვეული რეჟიმით განაახლოს მუშაობა.