მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 3 თვეში 4,3 მლნ ლარით გაიზარდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მოცულობა იზრდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მე-2 კვარტალში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მოცულობამ 20,9 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,5 მლნ ლარით მეტია. 2017 წლის მეორე კვარტალში დასაკურებული ქონება 15,4 მლნ ლარი იყო.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, მეორე კვარტალში 2018 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით დასაკუთრებული ქონების მოცულობა 4,3 მლნ ლარით გაიზარდა. ეს არის ყველაზე დიდი ზრდა ბოლო წლების განმავლობაში, რამდენადაც ეს ყოველთვის საშუალოდ 1-1,5 მლნ ლარით იზრდებოდა. 2018 წლის პირველ კვარტალში მისოების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობამ 16,6 მლნ ლარი შეადგინა. 

ამასთან, სებ-ის ცნობით, 2018 წლის ივლისში 71 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა, მაშინ როცა გასული წლის ივლისში 83 მიკროსაფინანსო იყო რეგისტრირებული.