კომპანია Uber გეგმავს განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია შეცვალოს და საკუთარ კლიენტებს გადაადგილებისთვის არა მხოლოდ ავტომობილები, არამედ ელექტროთვითმავლები, ველოსიპედები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხშირად შესთავაზოს.ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დარა ხოსროშაჰიმ The Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში ეს კომპანიის ფინანსურ შემოსავლებს არ გაზრდის, მეტიც, გაგრძელდება ვარდნა, (როგორც ცნობილია გასულ წელს Uber-მა 4,5 მილიარდი დოლარით იზარალა), თუმცა პერსპექტივაში კომპანია და არა მარტო ის, ამით მოიგებს. მიუხედავად გასული წლის რეკორდული დანაკარგებისა, 2019 წლისთვის კომპანია გეგმავს აქციების პირველად განთავსებას საფონდო ბირჟებზე.
„არაეფექტურობის ჭერი - ეს არის, როცა პიკის საათის დროს მეტალის ნაჭერს, რომელიც ტონას იწონის, გადაჰყავს მხოლოდ ერთი ადამიანი 10 კვარტლის მანძილზე. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ადამიანების მსგავს ქცევაზე გავლენა ვიქონიოთ, ისე რომ ჩვენი მომხმარებლები ამით მხოლოდ მოიგებენ. მოიგებენ ქალაქებიც. მოკლევადიან პერსპექტივაში ალბათ, ფინანსურად ვერ მოვიგებთ, მაგრამ თუ სტრატეგიულად შევხედავთ ამ ამბავს, ვფიქრობ, ეს ზუსტად ისაა, რაც ჩვენ გვინდა,“ - განაცხადა ხოსროუშაჰიმ ინტერვიუში.
მისი თქმით, კომპანიის კლიენტებისთვის ბევრად იაფი იქნება იქირავონ ველოსიპედი ან თვითმავალი ქალაქის რომელიმე პუნქტში, რათა პიკის საათის დროს გაიარონ ეს მოკლე მანძილი ამ საშუალებით, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში კომპანია მათ საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც ურჩევს, თუ იმ მომენტისთვის ის ყველაზე ოპტიმალური იქნება. „ამით იმ მძღოლების მარშრუტები, რომლებიც თანამშრომლობენ კომპანიასთან, უფრო გაიზრდება, შედეგად კი ისინი უფრო მეტ შემოსავალს მიიღებენ“, - დასძინა მან.
კოკა კვირკველია