ზაფხული მთავრდება და ფინანსურ ბაზრებზე სულ უფრო აქტუალურ ხდება განვითარებული ქვეყნების სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება.
თუმცა ბაზრების მთავარ მამოძრავებელ ძალად, ისევ სავაჭრო ურთიერთობებში არსებული დაძაბულობა რჩება. ამ მხრივ, ნამდვილი გამონათება შეიძლება გახდეს ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის, თავისუფალი ვაჭრობის ახალი ხელშეკრულების (NAFTA - ნორთ ამერიკენ ფრი ტრეიდ ეგრიმენტ) გაფორმება.
შეერთებული შტატების და მექსიკის ვაჭრობის დეპარტამენტებს შორის მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის თემაზე დასასრულს მიუახლოვდა. მათ იმედი აქვთ, რომ ამ მიმართულებით, მალე მოლაპარაკებაში კანადაც ჩაერთვება.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერზეც კი დაწერა, რომ მექსიკასთან ურთიერთობა ყოველ საათობრივად უმჯობესდება და რომ მექსიკასთან სავაჭრო ურთიერთობის დიდი შეთანხმება ძალიან მალე შედგება.
მათ შორის შეთანხმების შემდეგ, მოლაპარაკებაში კანადაც ჩაერთვება, რომელიც ასევე ძლიერ არის დაინტერესებული თავისუფალი ვაჭრობით. პერსპექტივაში, სამი ქვეყანა NAFTA-ს ახალ პირობებს ამ თვის ბოლომდე შეათანხმებს.
პარალელურად, ვაშინგტონი ევროკავშირსაც დაჟინებით მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს მათ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული მოლაპარაკება. სწორედ ეს საკითხი იყო ტრამპსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შორის ივლისში გამართული შეხვედრის მთავარი საკითხი.
გერმანიის ელჩმა შეერთებულ შტატებში, ემილი ჰაბერმა განაცხადა, რომ გერმანიის მხრიდან უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. მისივე თქმით, აშშ-ის ოფიციალური წრეები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მათ შორის მოლაპარაკება „სწრაფად და წარმატებულად“ დასრულდეს.
მაგრამ ბაზრის ყურადღება პირველ რიგში, აშშ-ჩინეთს შორის არსებულ უკიდურესად დაძაბულ სავაჭრო ურთიერთობებზეა მიპყრობილი. გასულ კვირაში, ორივე ქვეყნის საშუალო დონის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებას ბევრი არაფერი მოუტანია. ეს კი ინვესტორთა სიფრთხილეს იწვევს.
ამ კვირაში შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტი, პირადი შემოსავლების და სამომხმარებლო ხარჯების სტატისტიკურ მონაცემებს გამოაქვეყნებს (ხუთშაბათს).
ანალიტიკოსთა პროგნოზის შესაბამისად, პირადი მოხმარების ხარჯების (PCE) ინდექსი ივლისში 0.2 პროცენტამდე უნდა იყოს გაზრდილი. საშუალო წლიური მაჩვენებლით, PCE-ს ინდექსის ზრდა 2.0 პროცენტით განისაზღვრა. ივნისის შესაბამისი მაჩვენებლები 0.1 და 1.9 პროცენტი იყო.
შეერთებულ შტატებშივე, ეკონომიკის ზრდის მეორე კვარტლის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება. პროგნოზის შესაბამისად, ამ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა 4.0 პროცენტით გაიზარდა, ეს კი პირველად მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია. და მაინც, 4.0 პროცენტიც, 2014 წლის მესამე კვარტლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ცნობისათვის, აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ამჟამინდელი პროცესი, მეორე ყველაზე ხანგრძლივია ამ მაჩვენებლის დაკვირვების ისტორიაში. ის დიდწილად განაპირობა გადასახადების შემცირებამ. გარდა ამისა, წელს პრაქტიკულად არ არსებობს იმის შანსი, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდა შეწყდება.
ამ კვირაშივე, ევრო ზონაში აგვისტოს ინფლაციის მონაცემები გამოქვეყნდება. ანალიტიკოსთა პროგნოზით, აგვისტოში სამომხმარებლო ფასები 2.1 პროცენტით უნდა იყოს გაზრდილი. წინა თვეშიც ინფლაცია ამ დონეზე იყო. მაგრამ ძირეული ინფლაცია, რომელიც არ მოიცავს ენერგომატარებლების და საკვების ფასების ცვლას, ისევ საკმაოდ დაბალი - 1.1 პროცენტი იქნება.
ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მიზნობრივი დონე 2-პროცენტიანი ინფლაციაა. მასთან მიახლოების კვალობაზე, ECB აქტივების შესყიდვის პროცესის დასრულებას წლის ბოლოს გეგმავს, ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში კი, ევროზე საპროცენტო განაკვეთის აწევის პროცესი, შესაძლოა მომავალ წელს დაიწყოს.