ჯონ ფრედრიკსენი - ნავთობის ფლოტის ადმირალი

შემდუღებლის ვაჟი, ყველაზე მდიდარი ნორვეგიელი, დღეს დაახლოებით $7,7 მილიარდი ”ღირს”.

ჯონ ფრედრიკსენი თანამედროვე სანავთობო ვაჭრობის მეკობრეა, ერაყის მსგავსი ცხელი წერტილებისა და ბიზნესის მკაცრი სტილის მოყვარული, რის წყალობითაც მსოფლიოში ყველაზე დიდი სანავთობო ფლოტი ააგო. შემდუღებლის ვაჟი, ყველაზე მდიდარი ნორვეგიელი, დღეს დაახლოებით $7,7 მილიარდი ”ღირს”. ”ფორბსმა” უმდიდრესი ადამიანების 2010 წლის რეიტინგში 65 წლის ჯონს 88-ე ადგილი მიაკუთვნა.

ფრედრიკსენი ნავთობბიზნესის იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც დარგის სახე მნიშვნელოვნად შეცვალა. ტანკერების გარდა, მან შექმნა სხვა ფლოტიც - უახლესი ტექნოლოგიებით აგებული სანავთობო პლატფორმები, რომლებსაც ყველაზე ღრმა შელფზეც შეუძლიათ მუშაობა.

ფრედრიკსენმა და მისთანებმა ”ჩააჩოჩეს” ლეგენდარული გიგანტები Shell-ი, Exxon-ი, BP-ი და სხვა. საქმე ის არის, რომ ადრე ნავთობი გაცილებით ადვილად მოსაპოვებელი იყო. ახლა კი სულ უფრო მკაცრ ბუნებრივ პირობებში ხდება საჭირო მისი მოიპოვება, სულ უფრო რთულდება ტექნოლოგიები. შეიქმნა დარგის ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი მომსახურება, ამიტომ გიგანტები იძულებული არიან, დასახმარებლად მიმართონ გეოლოგებს, ჭაბურღილების გამომცდელებს, ექსპერტ-სეისმოლოგებს, შელფის მბურღავებსა და სხვებს. მსოფლიოშიც იზრდება შიში ნავთობის, ხორბლის, სპილენძისა და სხვა, სასიცოცხლოდ აუცილებელი ნედლეულის მოსალოდნელი უკმარისობის წინაშე. ამ ფონზე შესაბამის დარგებში მომუშავეთა მომსახურება კიდევ უფრო ძვირად ფასობს.

როცა რისკი ამართლებს

2005 წელს ფრედრიკსენმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც ბევრმა სიგიჟედ მიიჩნია. მისმა კომპანია ”სიდრილმა” ულტრაღრმა ბურღვის ორი პლატფორმა ისე დაუკვეთა, რომ წინასწარ არც ერთისთვის სამუშაო კონტრაქტი არ ჰქონია. ამ პლატფორმებს მუშაობა 2300 მეტრ სიღრმეზე შეუძლია. შეკვეთის ღირებულება $900 მილიონს აღწევდა. დაკვეთა ბატონ ფრედრიკსენის ალღოსა და პროგნოზებს ეყრდნობოდა. თუმცა ყველაზე ნაკლებად სწორედ თავად ჯონი ღელავდა. ”ვიცოდი, რომ ღრმა წყალში ბურღვის ბუმი დადგებოდა”,- იხსენებდა ფრედრიკსენი. ძნელი სათქმელია, ეს ბუმი რამდენ ხანს გასტანს, მაგრამ ჯონს მიაჩნია, რომ ასე მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ამერიკის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2012 წლისთვის კაპიტალდაბანდება ღრმა წყალქვეშა ბურღვის სფეროში $25 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. მსოფლიოში კი მხოლოდ ოთხ ათეულამდე პლატფორმაა, რომელსაც დიდ სიღრმეებზე მუშაობა შეუძლია. ”სიდრილს” ოთხი ეკუთვნის, და კიდევ ორ ამდენს აშენებს. სულ რამდენიმე კომპანიას შეუძლია მსოფლიოში დაიტრაბახოს პლატფორმების ასეთი მძლავრი ფლოტით. ის ფრედრიკსენს დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. მას შეუძლია, ნავთობმომპოვებელი კომპანიებისგან დღე-ღამეში $600 ათასიანი საიჯარო საფასური მოითხოვოს. ასეთი ფასებით პლატფორმა, რომელიც ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ღირს, თავს სულ რაღაც ოთხ წელიწადში ანაზღაურებს.

წყალქვეშა ბურღვის პლატფორმების ზომები განსაცვიფრებელია - საფეხბურთო მოედნისხელა ნაგებობებს დინამიკური პოზიციონირების სისტემები ჭაბურღილის თავზე აკავებს.

...ჯონ ფრედრიკსენი ოსლოს მუშათა გარეუბანში დაიბადა 1944 წელს. მას არაფერი ესაქმებოდა ნორვეგიელ გემთმფლობელ ”უფლისწულებთან” - სიგვალ ბერგესენთან და ანდერს ჯაგრესთან, ამ სკანდინავიელ როტშილდებსა და ვანდერბილტებთან. სწორედ ეს მაგნატები, ბერძენ და ჰონკონგელ ”კოლეგებთან” ერთად, აკონტროლებდნენ მსოფლიო საზღვაო მიმოსვლას ბოლო წლების განმავლობაში. ჯონის პირველი სამუშაო ბროკერობა იყო, თევზის ზიდვა ისლანდიიდან ჰამბურგში. კანადასა და ნიუ-იორკში ხანმოკლე შეყოვნებების შემდეგ, 60-იანი წლების მიწურულს იგი ბეირუთში ჩავიდა. ჯონს ნედლი ნავთობი გაჰქონდა საუდის არაბეთსა და ერაყიდან, უკან კი გადამუშავებული ნავთობპროდუქტები შემოჰქონდა. საკმაოდ სწრაფად გახდა ნავთობით ვაჭრობის აღიარებული სპეციალისტი, იცოდა საქმის წვრილმანები და კარგად გრძნობდა ბაზარს.

კერძო ფლოტის დაბადება

70-იანი წლების შუაგულში საზღვაო ტვირთზიდვა ღრმა კრიზისში იყო. 1973 წელს ებრაელებსა და არაბებს შორის გაჩაღებული კონფლიქტის გამო ფასები ნავთობზე კატასტროფულად გაიზარდა, ხოლო დიდტონაჟიან ტანკერებზე მოთხოვნა ფაქტობრივად გაქრა. ბევრი გემთმფლობელი გაკოტრდა. ნორვეგიის ფიორდები უქმად მდგარი ტანკერებით იყო სავსე. ფრედრიკსენმა ამ ვითარებაში შანსი დაინახა და ტანკერების ლიზინგით აღება, შემდეგ კი შესყიდვა დაიწყო.

ფრედრიკსენი 80-იანებში ერთ-ერთი იყო იმათგან, ვინც ირან-ერაყის ომის დროსაც კი განაგრძობდა ირანული ნავთობის ექსპორტს და სპარსეთის ყურეში ტანკერები დაუდიოდა კუნძულ ხარგის ტერმინალიდან. სხვათა შორის, ამბობდნენ, რომ ეს ტერმინალი ერაყის საჰაერო ძალებს სადამ ჰუსეინმა საგანგებოდ მოუნიშნა სამიზნედ. ფრედრიკსენის ტანკერებს სამჯერ მოხვდა ერაყული რაკეტები, თავად კი ამ დროს ოსლოში ფეშენებელურ წვეულებებს მართავდა. მის მაგიდას ენამოსწრებულებმა კუნძული ხარგიც კი უწოდეს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ ჯონი ქონებას თავისი მეზღვაურების ოფლისა და სისხლის ხარჯზე შოულობდა. ის ყველაზე მეტს მუშაობდა კომპანიაში. მივლინებებში ყოველთვის სამი ბროკერი ახლდა - ერთი ისვენებდა, მეორე მუშაობდა, მესამე კი ღამის ცვლისთვის ემზადებოდა.

ფრედრიკსენი კარგა ხანს ცდილობდა, საქმიან სამყაროში თავი მაინცდამაინც არ წარმოეჩინა, ჩრდილში იდგა და ზოგჯერ ტანკერების ფლობასაც უარყოფდა, ვითომდაც ინკოგნიტოდ დარჩენის მსურველი ინვესტორების სურვილითა და დავალებით მოქმედებდა. იმ დროს ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო, რათა კატასტროფებისა და ნავთობის ჩაღვრის გამო პასუხისმგებლობა აეცილებინათ თავიდან. ზარალის ანაზღაურებას სწორედ გემთფლობელს აკისრებდნენ.

1985 წელს ჯონი საცხოვრებლად კვიპროსზე გადავიდა, მიმზიდველ, ხელსაყრელი საქმიანი ატმოსფეროს მქონე კუნძულზე, დაბალი გადასახადებითა და სანაოსნო ცენტრის რეპუტაციით. ”ნორვეგიაში უკვე აღარაფერი მესაქმება”, - ასე ახსნა თავისი წასვლა ფრედრიკსენმა. ის მკაცრად აკრიტიკებდა როგორც არასახარბიელო საგადასახადო რეჟიმს ნორვეგიაში, ასევე წესებისა და კანონების ”ზვინებს”. 1986 წელს ნორვეგიის მართლმსაჯულებამ ფრედერიკსენი თაღლითობაში დაადანაშაულა. ბრალდების მიხედვით, მისი ტანკერები ტვირთს, ნავთობპროდუქტებს, საწვავად იყენებდნენ. ოსლოს პოლიციამ მისი ოფისები გაჩხიკა. რამდენიმე დღეში ის პირადად გამოცხადდა ოსლოში და ბრალეულობის ნაწილი მოიხსნა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. უფრო წვრილმანი დარღვევებისთვის ჯონმა ჯარიმები გადაიხადა. ”ეს შურიანი ხალხის ნამოქმედარია, -ამბობდა ფრედრიკსენი, - ჩემი წარმატება მათ მოსვენებას არ აძლევს”.

ის დღის შუქზე 1996 წელს გამოვიდა, როცა შვედური საზოგადოებრივი კომპანია ”ფრანტლაინი” შეიძინა და მოკლე ხანში გიგანტად აქცია. 1996 წელს კომპანიას შვიდი ტანკერი ჰქონდა, 2001 წელს მათი რაოდენობა უკვე 70 იყო, ახლა კი 90-ს აღწევს.

”ხისტი” ბიზნესი

”ფრანტლაინის” შესყიდვიდან ერთი წლის შემდეგ ჯონმა შვედური სატანკერო კომპანია ICB-ის შთანთქმა გადაწყვიტა. მისმა სტილმა შვედები გააოგნა. კომპანიის შესყიდვის შესახებ განცხადებებს ის შვედური გაზეთების მთელ გვერდებზე ბეჭდავდა, აქვეყნებდა მრისხანე წერილებს კომპანიის მფლობელების წინააღმდეგ, და აქციების მფლობელებს დაურიდებლად წნეხავდა. კომპანიისთვის ბრძოლა ორი წლის განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ ფირმა მის სრულ კონტროლს დაექვემდებარა.

ფრედრიკსენს ალღო ყოველთვის კარგ სამსახურს უწევდა. 1999 წელს კატასტროფა განიცადა ერთკორპუსიანმა ”ერიკამ”. ფრედრიკსენი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი გემთმფლობელი იყო, ვინც ორკორპუსიან ტანკერებზე გადასვლაზე ჩამოვიდა ფსონს და დიდადაც გაუმართლა. სწორედ ამ დროს ტანკერების ბიზნესი ღრმა კრიზისიდან გამოდიოდა. ნავთობის ყველაზე მსხვილი მომხმარებლების გვერდით, მცირეწყლიან შელფებზე ნავთობსაბადოები ამოიწურა და მსოფლიოში ნავთობის მიწოდების მანძილებიცა და მოცულობაც მკვეთრად გაიზარდა. დაიწყო ჩინეთისა და ინდოეთის ეკონომიკების მკვეთრი ზრდა. დიდტონაჟიან ტენკერებზე მოთხოვნილება ისევ გაჩნდა, 2001 წლისთვის მათი მომსახურების ფასებმა 30-წლიანი რეკორდი დაამყარა.

2002 წელს უკვე მილიარდერმა ფრედრიკსენმა ლონდონში შეიძინა საკუთარი სახლი Old Rectry ჩელსიში, გემთმფლობელთა ბერძნული ოჯახისგან 38 მილიონ ფუნტად. მაშინ ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული გარიგება იყო ლონდონის უძრავი ქონების ბაზარზე. სახლი ცნობილია ისტორიული ბაღითაც, სადაც ვატერლოოს ბრძოლა იგეგმებოდა. ახლა ამ სახლში ნორვეგიელი გემთმფლობელი ბიზნესგეგმებს აწყობს.