საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 1-ელი აგვისტოსთვის 20.5 მლრდ ლარი შეადგინა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი აგვისტოსათვის 20.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 231.7 მლნ ლარით, ანუ 1.1 პროცენტით მეტია პირველი ივლისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.2 პროცენტით მეტი).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 261.3 მლნ ლარით, ანუ 2.2 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.3 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 29.6 მლნ ლარით, ანუ 0.4 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 0.3 პროცენტით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 39.18 პროცენტი შეადგინა. პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.05 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.09 პროცენტული პუნქტით).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.9 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.3 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.0 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.5 პროცენტი შეადგინა.