ცათამბჯენების მშენებლობამ თბილისიდან რეგიონებში გადაინაცვლა.
ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიურია ბათუმში, ბოლო დროს ქუთაისშიც, სადაც მაღალსართულიან შენობებს ისე აშენებენ, რომ არავინ სეისმომდგრადობაზე არ ამოწმებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მაღალსეისმურ ზონაში მაღალსართულიანი შენობები (20 და მეტსართულიანი) ისე შენდება, რომ მათი მდგრადობა არ კონტროლდება.
ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში მიწისძვრები საკმაოდ გახშირდა. მარტო უკანასკნელ 3 თვეში რამდენიმე შემთხვევა მოხდა საქართველო-სომხეთის, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრებთან, უფრო ადრე – თბილისში, ქუთაისსა და ონში. უკანასკნელი შემთხვევა კი იყო ირანში, სადაც მიწისძვრას დიდი ნგრევა მოჰყვა.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, საქართველოში, სეისმურად აქტიურ ზონაში, მაღალსართულიანი სახლები 8-9-ბალიან მიწისძვრას ვერ გაუძლებენ. ამ თვალსაზრისით კი, მშენებელთა ლიგის ხელმძღვანელ ანზორ საკანდელიძის განცხადებით, განსაკუთრებით საშიშია მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რასაც კანონი კრძალავს, მაგრამ არ ხდება აღსრულება და, შესაბამისად, არც კონტროლი.
„12 სართულზე მაღალი სახლების მშენებლობა კანონის დარღვევაა. თავიდან ეს პრობლემა თბილისში იყო, გადავიდა ბათუმში, იქიდან - ქუთაისსა და ფოთში. ამ უბედურებას თუ არ შევაჩერებთ, მთელ საქართველოს მოედება. ამ დროს არსებობს კანონი სეისმომდგრადობის შესახებ, რომელიც 2009 წელს დამტკიცდა და 2010 წლიდან ძალაშია. კანონმდებლობით, დედაქალაქში 12 სართულზე მაღალი სახლების მშენებლობა ნებადართული არ არის, მით უმეტეს რკინაბეტონის კარკასული ტიპის მშენებლობა. უფრო რთულია ვითარება, როცა საქმე ურიგელო გადახურვას ეხება. ამ დროს შენობა 7-8 სართულს არ უნდა აღემატებოდეს. ასეთია სტანდარტი 8-ბალიან ზონაში, სადაც ჩვენი ქვეყანაც მოიაზრება. ამიტომ უფრო მაღალი სართულების აშენება უკანონოა და უნდა შეჩერდეს.
თავის დროზე ასეთი კარკასული მშენებლობის 92% განადგურდა სპიტაკში და რისკი საქართველოშიც არსებობს. რეალურად, დღეს შენობები რეგიონში 7 ბალსაც ვერ გაუძლებს, ამიტომ ცათამბჯენების აშენება სეისმურად აქტიურ ზონაში კანონის დარღვევა და პირდაპირ ხალხის გაწირვაა, რაზეც თვალის დახუჭვა არ შეიძლება.
წერილებით მივმართეთ როგორც მერიას, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ სეისმურად აქტიურ ზონაში მაღალსართულიანი შენობები არ დაუშვან. პასუხი უნდა აგონ შესაბამისმა ორგანოებმა, რომლებიც ასეთი ობიექტების მშენებლობაზე ნებართვას გასცემენ. ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მოვალეობაა, ნებისმიერი ასეთი გამოვლენილი ფაქტი შეაჩეროს.
დღეს 12-სართულიანის ნაცვლად, 30-სართულიან სახლებსაც კი აშენებენ. ინფორმაცია მაქვს, რომ ბათუმში 65-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას აპირებენ, რაც ყოვლად დაუშვებელია. არანაირი კონტროლი არ მიდის და ხალხი ამ დროს სერიოზული სარფთხის წინაშეა", - აცხადებს საკანდელიძე.
მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო მიწისძვრის თვალსაზრისით ძალზე აქტიურ და საშიშ ზონაში შევიდა. „2010 წლიდან ქვეყანაში საპროექტო ბალი ერთი მაჩვენებლით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 ბალზე დაპროექტებული შენობა-ნაგებობები უნდა გადაპროექტებულიყო, მაგრამ ეს პროცესი ჩანასახშივე ჩაკვდა. არადა, სეისმურად საშიშ ზონაში მდებარე ქვეყანაში დაგეგმილმა ყველა პროექტმა სეისმური უსაფრთხოების თვალსაზრისით სპეციალური ექსპერტიზა უნდა გაიაროს, მაგრამ საქართველოში ექსპერტიზის სამსახურიც კი გაუქმდა და ბოლო წლებში შენობები ყოველგვარი შემოწმების გარეშე შენდება", - ამბობს საკანდელიძე.
სამშენებლო ბიზნესში ანზორ საკანდელიძის მოსაზრებას არ იზიარებენ. უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მრავალსართულიანი შენობები (12-ზე მეტი) დასაშვებია, თუ მშენებლობის პროცესში მაღალი ხარისხის მასალაა გამოყენებული და საქმე კვალიფიციური სპეციალისტების ხელშია.
კომპანია „ორბის" წარმომადგენელი ვაჟა ნავროზაშვილი ფიქრობს, რომ სართულის საკითხი თბილისის გენერალური გეგმის ფარგლებში მეტ-ნაკლებად დარეგულირდება. რაც შეეხება რეგიონებს, შესაძლებელია, ეს საკითხი კანონის შესაბამისად მოწესრიგდეს, თუმცა მშენებელი ამბობს, რომ მკაცრი შეზღუდვის დაწესება გამართლებული არ იქნება.
„ნებისმიერ რეგიონსა და რაიონში განსაზღვრული უნდა იყოს, სად რა არის დასაშვები და რისი გაკეთება არ შეიძლება. შენობის სიმაღლეს განსაზღვრავს კოეფიციენტები. ეს საკითხი გეოლოგიური მდგომარეობის მიხედვით უნდა განისაზღვროს. როცა ძლიერი კონსტრუქტორი აშენებს, საფრთხე ნაკლებადაა. მთავარია, სწორი გეოლოგიური დასკვნა არსებობდეს, სხვა მხრივ საფრთხეს ვერ ვხედავ.
ჩვენ 15-სართულიანი სახლი გვაქვს აშენებული, რაც შესაბამის ნებართვას ეყრდნობა. რეალურად, კორპუსის გამოცდა 8-ბალიან სისტემაზე წარმოუდგენელია, მთავარია, მშენებლობის ხარისხი იყოს დაცული. ვერ ვიტყვი, რომ მრავალსართულიანი შენობები საშიშია, თუ პროექტი მაღალ დონეზეა დამუშავებული. თუმცა ფაქტია ისიც, რომ სამშენებლო სექტორს სეისმოლოგიურ მდგრადობაზე არავინ ამოწმებს და ეს სფერო კონტროლს მიღმაა„ - ამბობს ნავროზაშვილი და დასძენს, რომ დღეს სამშენებლო სფეროში ყველაზე მეტად პრობლემა ხარისხს უკავშირდება, რის გამოც შესაძლოა, შენობების 50-60%-მა სეისმომდგრადობის ტესტი ვერ გაიაროს.
„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ბაზარზე დაბალი ხარისხის სამშენებლო მასალის გამოყენებაცაა. პირველად არ ვამბობთ, რომ მშენებლები იყენებენ უხარისხო არმატურას და დაბალი მარკის ბეტონს, რაც უნდა უზრუნველყოფდეს შენობის სეისმომედეგობას. არის შემთხვევები, როცა 200-300 მარკის ბეტონის ნაცვლად, 150-ს არ სცილდებოდა მათი სიმტკიცე და ნახევარი თბილისი ასეა აშენებული. ეს ეხება როგორც ადგილობრივ, ასევე ზოგიერთ უცხოურ კომპანიასაც, რომელიც აქ მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და კანონებით სარგებლობს", - ამბობს ნავროზაშვილი.
სამშენებლო სექტორში საუბრობენ იმაზეც, რომ მშენებლობის პროცესში, გარდა სეისმომდგრადობისა, ყველა ნიუანსი შესამოწმებელია, რამდენადაც ხარისხთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რასაც სპეციალური კვლევით უნდა გაეცეს პასუხი.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"