ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ მნიშვნელოვანია ქალაქის იერსახის შენარჩუნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა თბილისის იერსახის დამახინჯების შემთხვევაში სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით.
"კანონის გამკაცრებას რაც შეეხება, მხოლოდ ჯარიმის ოდენობა არ გაიზარდა, უფრო მოქნილები გავხდით. ზედამხედველობის სამსახურს დაჯარიმების მარტივი შესაძლებლობა აქვს. შესაბამისად, ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქის იერსახის შენარჩუნება. ძალიან ბევრი შემთხვევაა ფასადების თვითდაზიანების. მაგალითად, საარჩევნო პლაკატების გაკვრა ისეთ ადგილებში, სადაც აკრძალულია. ბევრი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც მოწესრიგება სჭირდება. კანონი ყველასთვის უნდა იყოს ერთი", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ჯარიმები დღეიდან იზრდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილება, ჯარიმების დაახლოებით ოთხჯერ ზრდას ითვალისწინებს.