პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორისაა 100-მდე სოფლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა, ფშავ-ხევსურეთის ინტერნეტიზაცია და პარამედიკოსების პროგრამის განხორციელება.
როგორც ბახტაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პარამედიკოსების პროგრამის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას, რაც აქამდე პრობლემური საკითხი იყო.
„ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ მთის განვითარება და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით. ერთი კვირის წინ, მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მინდა, გამოვყო სამი ინიციატივა: პირველი, რომელიც შეეხება ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაციას. ჩვენ ძალიან კარგი პროგრესი გვაქვს ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ინტერნეტიზაცია დამატებით ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენ მოვახდინოთ ტურიზმის პოტენციალის კიდევ უფრო კარგად ათვისება ამ რეგიონში. დარწმუნებული ვარ, რომ ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ინტერნეტიზაცია თვისობრივ გარდატეხას შეიტანს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში და ახალ სიცოცხლეს შესძენს ამ კუთხეს. ვმუშაობთ ძალიან ამბიციურ გეგმაზე, რომელიც მთელი საქართველოს აქტიურ ინტერნეტიზაციას გულისხმობს. მეორე ინიციატივა გახლავთ მაღალმთიან სოფლებში პარამედიკოსების პროგრამის განხორციელება. შესაბამისი პროფილის სამინისტრო განახორციელებს ტრენინგს, რაც ადგილობრივებს საშუალებას მისცემს პირველადი დახმარება გაუწიონ თანასოფლელებს. მესამე ინიციატივა უკავშირდება ელექტოენერგიით მომარაგებას ასზე მეტი სოფლის. საქართველოს მთავრობის USAID-ის ერთობლივი დაფინასებით მოხდება მზის პანელებით 100-ზე მეტი სოფლის ელექტოენერგიით უზრუნველყოფა. საუბარია, დაახლოებით 400 ოჯახზე“,- განაცხადა ბახტაძემ.