ამერიკას უფლება აქვს მექსიკიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფები დააწესოს

მექსიკასა და აშშ-ს შორის დადებული ახალი სავაჭრო ხელშეკრულება, ვაშინგტონს უფლებას აძლევს მექსიკიდან იმპორტირებულ ავტომობილებსა და მის ნაწილებზე 25%-იანი საბაჟო ტარიფი დააწესოს.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია გაუხმაურებელ შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც შტატებს უფლება ექნება საავტომობილო იმპორტზე გადასახადი 25%-მდე გაზარდოს იმ შემთხვევაში, თუ მათი საერთო მოცულობა აღემატება წლიურ 2,4 მილიონ ერთეულს.

Reuters-ის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ამერიკა გეგმავს გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად წარმოადგენს იმპორტირებული ატომობილები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს. სწორედ ეს დოკუმენტი შეიძლება გახდეს ვაშინგტონისთვის საბაბი ამ ტიპის პროტექციონისტური ზომის შემოღებისას.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, მექსიკა-აშშ-ს შეთანხმება არ არის საბოლოო და ის შესაძლოა, შეიცვალოს.

კოკა კვირკველია