მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში 5 ქუჩის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში 5 ქუჩის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, ქუთაისში 5 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჟამად ოცხელის, ზვიად გამსახურდიას, თოფურიას, სოხუმისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩებზე მიმდინარეობს. სამუშაოების საერთო ღირებულება 1,195,788 ლარია.

"სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ოცხელის ქუჩის რეაბილიტაცია ერთ თვეში დასრულდება დანარჩენი ოთხი ქუჩის სამუშაოები კი სამ თვეში, რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობა კომფორტული გზით შეძლებს გადაადგილებას", - აცხადებენ ფონდში.

მათივე ინფორმაციით, 5 ქუჩის რეაბილიტაციაზე 255 ადამიანია დასაქმებული. პროექტის ფარგლებში ჯამში 2 კილომეტრამდე გზის საფარის რეაბილიტაცია განხორციელდება. რეაბილიტაციის ფარგლებში ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ასევე მოხდება გზაგამტარი ხიდის გარშემო ქუჩის საფარის ზედა და ქვედა ფენების მოწყობა და სათვალთვალო ჭების გასწორება სატრანსპორტო ნიშნულზე.

"თოფურიას ქუჩაზე გზის გარდა, მოეწყობა ტროტუარებზე ასფალტის საფარი და აქაც გასწორდება სათვალთვალო ჭები. სოხუმის ქუჩაზე გზის რებილიტაციის გარდა, მოხდება მილების მოწყობა სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისთვის. რაც შეეხება კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩას, აქ გზის რეაბილიტაციასთან ერთად ტროტუარებზე ასფალტის საფარის მოწყობა და სათვალთვალო ჭების გასწორება მოხდება. ქუთაისში შიდა ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება", - განმარტავენ ფონდში.