„მენაშენეთა ასოციაცია“ ბინის შეძენის მსურველებს რეკომენდაციებს სთავაზობს. „მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს ბინის შეძენისთვის საჭირო რეკომენდაციებს აძლევს, რომლებიც ყოველთვის დაეხმარება მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
მენაშენეების თქმით, ბინის შეძენისას უამრავი წვრილმანისა და ფუნდამენტური საკითხის გათვალისწინებაა საჭირო, რათა მომხმარებელმა ზუსტად ის მიიღოს, რაშიც ფულის გადახდას აპირებს.
ერთ-ერთი რეკომენდაცია (რეკომენდაცია #7) არის სწორი ინვესტიციის გაკეთება.
„არ შეიძინო უძრავი ქონება საეჭვოდ დაბალ ფასად. თვითღირებულებაზე დაბალ ფასში წინასწარ გაყიდული უძრავი ქონების დასრულება გაურკვეველი დროით გაიწელება;
ყველაზე მეტად ფასში იმატებს გამოცდილი კომპანიის მიერ აშენებული უძრავი ქონება, რომლის მშენებლობის ხარისხიც მაღალია, არც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და სრული საუბნო ინფრასტრუქტურითაც უზრუნველყოფილია. ასეთი უძრავი ქონების ფასი ყოველთვის უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ერთმანეთზე მიჯრით აშენებული და გარემოსთან შეუსაბამო კორპუსებისა, თუნდაც ქალაქის ცენტრში;
გაეცანით ფასების დინამიკას როგორც უკვე დასრულებულ პროექტებზე, ისე მშენებარეებზე. თუ განხორციელებულ პროექტებში ფასები არ იზრდება ან უმნიშვნელოდ იზრდება, სამომავლო პროექტებშიც დაახლოებით იგივე დინამიკაა მოსალოდნელი, რაც მიუთითებს, რომ ინვესტიცია არ გაამართლებს“, - აცხადებენ მენაშენეთა ასოციაციაში.
მენაშენეთა პირველი ექვსი რეკომენდაცია ეხებოდა: სამშენებლო კომპანიის, საცხოვრებელი გარემოსა და ბინის სწორად შერჩევის, მშენებლობის ხარისხში გარკვევის, ფინანსების სწორად დათვლისა და დოკუმენტების სწორად გაფორმების საკითხებს.
„მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს, სულ 8 რეკომენდაციას აძლევს, რომლებიც სასურველია, გაითვალისწინონ ბინის შეძენისა და შემდგომი სარგებლობისას.